ნასვამი მძღოლი ცოლ-ქმარს დაეჯახა - ყვარელში მომხდარი ავარიის დეტალები

24.04.25 15:02
ნასვამი მძღოლი ცოლ-ქმარს დაეჯახა - ყვარელში მომხდარი ავარიის დეტალები

ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც ღობესთან მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები