ნიკა კაციას საქმის მოწმე პოლიციელი კითხვებს გაექცა - ლაშა ხარხელაურმა საქალაქო დაცვის თანხლებით დატოვა
მოწმე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შემდეგ, დაცვის თანხლებით ნიკა კაციას საქმის მოწმე პოლიციელი, ლაშა ხარხელაური გააცილეს - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოწმედ წარდგენილ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცები იცავდნენ.
ლაშა ხარხელაური დღეს მედიის კითხვებს გაექცა. მან ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, თუ როგორ გაქრა ტაქსის მძღოლი სინდისის პატიმრის საქმიდან, პასუხი არ გასცა. აღსანიშნავია, რომ მოწმე პოლიციელისთვის დაცვად მივლენილი ადამიანები მედიის წარმომადგენლებს ლაშა ხარხელაურთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.
რეჟიმის ტყვის საქმის მოწმე პოლიციელი სასამართლოდან ხმაურით და შეძახილებით გააცილეს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მოწმე პოლიციელის გამოკითხვის შემდეგ, ნიკა კაციას ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ მედიასთან განაცხადა, რომ დღევანდელი ჩვენება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ემთხვევა.
მხოლოდ ახსოვდა ის ინფორმაცია, რაც ბრალდების მხარისთვის იყო სასარგებლო. სხვა დეტალები აღარ ახსოვდა. მოწმემ ისაუბრა ნიკოლოზ კაციას ჩხრეკასთან დაკავშირებით და კომიკურია, რომ ფაქტების მოცემულობა ერთობლიობაში განსხვავებულ შეფასებას იძლევა. მიღებული ინფორმაცია და ჩატარებული პირადი ჩხრეკა არსებითად ცდება ერთმანეთს. ყველა ის ფაქტი უარყო, რაც საქმეში წარმოდგენილია ტაქსის მძღოლთან დაკავშირებით. მან უარყო ის, რომ ნიკოლოზ კაცია დააკავეს მის საცხოვრებელ სახლთან და შემდგომ ტაქსით გადაიყვანეს, ორი ლოკაცია გამოიცვალეს. მოწმის ჩვენება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ემთხვევა". - განაცხადა ნინო ლომინაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კაციას პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.