ჩხრეკა "ლაბორის" ოფისში - საგამოძიებო მოქმედებები კიდევ 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს

24.04.25 17:56
ჩხრეკა "ლაბორის" ოფისში - საგამოძიებო მოქმედებები კიდევ 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს

დამოუკიდებელი პროფკავშირის "ლაბორის" ოფისში ჩრეკა გრძელდება - ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ეძებენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები. "პირველების" ინფორმაციით, ოფისიდან უკვე ამოიღეს გარკვეული სახის დოკუმენტები, თუმცა უცნობია, მოცემული დოკუმენტები კონკრეტულად რა ინფორმაციის მატარებელია. 

"ლაბორის" ოფისის გარდა, საგამოძიებო მოქმედებები კიდევ სამ ლოკაციაზე ტარდება. ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის საცხოვრებელ სახლში, "ლაბორის" ძველ ოფისში და ასევე "ჰუალინგში", სადაც რამდენიმე კვირის წინ პროფკავშირების წარმომადგენლებმა ყრილობა გამართეს. 

"ლაბორის" წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ ფინანსურმა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყეს, თუმცა მისივე განმარტებით, განჩინებაში არ არის მითითებული ის დეტალები, თუ კონკრეტულად რას ეძებენ სამართალდამცველები. 

დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენელი აცხადებს იმასაც, რომ "ლაბორის" ოფისში მიმდინარე ჩხრეკა პროფკავშირის გაშავების მცდელობას უკავშირდება. 

თქვეს, რომ დოკუმენტაციის გადასამოწმებლად მოვიდნენ. სასამართლო განჩინებაში არაფერი ეწერა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რის საპოვნელად არიან მოსულები, რაც კანონდარღვევაა. არის მითითებული 4 ლოკაცია, თუ სად ჩატარდება ჩხრეკა. ერთ-ერთი არის ჩვენი ოფისი, მეორე ძველი ოფისი, რომელიც დიდი ხნის წინ დავტოვეთ. ასევე ჰუალინგში, სადაც ნაქირავები სივრცე გვქონდა იმისთვის, რომ სხდომა ჩაგვეტარებინა. ლოკაცია არის მითითებული, როგორც საჩხრეკი ობიექტი, რომ ნახონ, რაიმე დოკუმენტაცია არის თუ არა. სასაცილოა. მეოთხე არის თავმჯდომარის სახლი. ვფიქრობთ, რომ ეს არის გაშავების მცდელობა, ან ცდილობენ, რომ რაღაც შეტენონ". - განაცხადა "ლაბორის" წარმომადგენელმა.