რუსეთი „ოცნებას“ ისევ აქებს

24.04.25 19:29
რუსეთი „ოცნებას“ ისევ აქებს

რუსეთი „ოცნებას“ ისევ აქებს- მიზეზი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ოცნება "ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაურკვეველია, 2030 წელს თუ იარსებებს ევროკავშირი, საქართველოს “შესასვლელად”.

ზახაროვას თქმით, "ევროკავშირში კრიზისული მოვლენები ცხადია" და "პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია", რომ, ვისაც "საკუთარი ეროვნული ეკონომიკა ადარდებს, იქ არაფერი ესაქმება".

“კარგი რომ ყოფილიყო, ბრიტანეთი არ გამოვიდოდა“,- ამბობს ის.

ზახაროვა ევროკავშირში შესვლის მსურველებს ურჩევს, "ჯერ კონკრეტული ციფრები ნახონ და არა მხოლოდ ლოზუნგები იძახონ". 

ჩვენ საქართველოსთან ამის შესახებ არაერთხელ გვილაპარაკია. არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად. მაგრამ ჩვენ ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით“, - თქვა ზახაროვამ. 

"მოსკოვი და თბილისი მიისწრაფვიან ბიზნესისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ, თანმიმდევრულად მუშაობენ ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით, რაც რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებში შედის" - აღნიშნა ზახაროვამ და დასძინა, რომ რუსეთმა უკვე "პრაქტიკაში აჩვენა" ურთიერთობების მსგავსად განვითარებისკენ სწრაფვა, სურვილი და "კეთილი ნება".