ქარტია სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. წერილით ქარტია
საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდონ და სასამართლოს ტერიტორიაზე მათი უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული.
განცხადების გავრცელების მიზეზი, ბოლო დროს გახშირებული უკანონო ქმედებები და ძალადობის ფაქტებია. "მაგალითად გუშინ, ნიკა კაციას საქმის მოწმის თანხმლებმა პირებმა ფიზიკურად იძალადეს "პუბლიკას" ჟურნალისტზე, ასევე მინდია გაბაძეს არ მისცეს უფლება რომ გიორგი ჩხეიძის სასამართლო პროცესზე ფოტოსურათები გადაეღო" - ჟურნალისტური ქარტია წერს, რომ მსგავსი ფაქტები აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ სასამართლო ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას არ აძლევს.
ჟურნალისტებს სულ უფრო და უფრო უჭირთ სასამართლო პროცესების გაშუქება. მოსამართლეები ხშირად ფორმალური მიზეზებით უზღუდავენ მათ პროფესიულ უფლებებს. ზოგიერთი ფოტორეპორტიორი სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტოგადაღებას საერთოდ ვეღარ ახერხებს. სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტებს თავს დაუსჯელად ესხმიან უცნობი პირები.
გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, დღეს, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად მისული პოლიციელის, ლაშა ხარხელაურის, თანმხლებმა პირებმა. ჟურნალისტებს შორის იყო „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე, რომელიც სხდომიდან გამოსულ ლაშა ხარხელაურს მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა მოძალადეებს რამდენჯერმე სთხოვეს, თავი წარედგინათ, მათ სასამართლოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ვინაობა არ გაუმხელიათ.
დღესვე, „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორს, მინდია გაბაძეს, მოსამართლე დავით თეთრაულმა სამართალდამცველის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი ჩხეიძის სასამართლო სხდომაზე ფოტოგადაღების უფლება არ მისცა და დარბაზიდან გააძევა იმ მოტივით, რომ ჟურნალისტს მისთვის ფოტოგადაღების მოთხოვნით წინასწარ, სხდომამდე ერთი საათით ადრე, არ მიუმართავს. მინდია გაბაძემ მოსამართლეს აუხსნა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა, რადგანაც სხდომის შესახებ გიორგი ჩხეიძის ადვოკატებმა და ახლობლებმაც კი მხოლოდ ნახევარი საათის წინ შეიტყვეს.
საქართველოში არსებული დაძაბულობის ფონზე, საზოგადოების ინტერესი როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პროცესების მიმართ, მაღალია. ჟურნალისტებს საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრიათ, საზოგადოება უზრუნველყონ სანდო ინფორმაციით ამ პროცესების შესახებ, სასამართლო კი მათ პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას არ აძლევს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, სხდომების გაშუქებისას ჟურნალისტებს პროფესიული უფლებები არ შეუზღუდოს, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ის სასამართლოს ტერიტორიაზე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს", - წერია განცხადებაში.