წამებასთან გათანაბრებული არასათანადო მოპყრობა - საიამ 10 სინდისის პატიმრის საქმეები შეისწავლა

25.04.25 13:28
წამებასთან გათანაბრებული არასათანადო მოპყრობა - საიამ 10 სინდისის პატიმრის საქმეები შეისწავლა

წამებასთან გათანაბრებული არასათანადო მოპყრობა - სინდისის პატიმრების საქმეებში საიამ ახალი დარღვევები აღამოაჩინა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა 10 უკანონოდ დაკავებული მომიტინგის საქმე და დაადგინა, რომ ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და იძულებას ჰქონდა ადგილი, თუმცა პირები, რომლებსაც აქტივისტები ამხელენ, ამ დრომდე დაუსჯელები არიან.   

ნონა ქურდოვანიძემ საგანგებო ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ 10-დან 9 პირისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება წამების, არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით დაიწყოს. 

ათი მათგანი საუბრობს არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა  ფორმაზე, რომელიც მათ განიცადეს დაკავებისას ან დაკავების შემდგომ ტრანსპორტირებისას, ან პოლიციის განყოფილებაში. ეს პირები არინა საბა სხვიტარიძე, რევაზ კიკნაძე, ნიკოლოზ კაცია, ანატოლი გიგაური, დავით ხომერიკი, დავით ლომიძე, თემურ ზასოხაშვილი, არჩილ მუსელიანცი, ანასტასტია ზინოვკინა და მზია ამაღლობელი.

იმ პირობებში, როდესაც ისინი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფებიან, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულები ამ დრომდე ეფექტიანად არ არის გამოძიებული.

9 პირს ამ 10-დან არ აქვს ამ დრომდე მიღებული არც დაზარალებულის სტატუსი. მათ მიერ სასამართლო პროცესებზე თუ ისე გაჟღერებული არასათანადო მოპყრობის ისტორიები აკმაყოფილებს სისხლის სამართლის იმ მუხლებს, რომელიც მოიცავს წამებას, არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობას აი, ამ მუხლების კვალიფიკაციაში შეიძლება, ჯდებოდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლებით მიმდინარეობდეს, რაც ასევე პრობლემაა განსახილველ საქმეებში, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
 

არასამთავრობო ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროპული მომავლის მცველებს დანაშაულის აღიარებას და ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. მისი თქმით, სწრაფი და ადეკვატური გამოძიების ჩატარება მნიშვნელოვანი ფაქტორია.  

რიგ შემთხვევაში, ეს იყო კონკრეტული დანაშაულის აღიარების იძულება, ასევე ცრუ ჩვენების მიღება, მათგან ამის იძულება. ამასთანავე, ეს იყო ფიზიკური შეურაცხყოფა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით და ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მათი მდგომარეობა. ეს ადამიანები დღემდე რჩებიან სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ პენიტენციურ დაწესებულებაში და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოძიება სწრაფად, ადეკვატურად, სრულყოფილად ჩატარდეს.

ამრიგად, რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მარტო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, არამედ ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მათ შორის კონკრეტული განზრახვით, რომ ამ პირებისგან მივიღოთ სასურველი ჩვენება, - ამბობს საიას წარმომადგენელი. 
 

მსგავსი სიახლეები