დაიწყება თუ არა მოკვლევა ფხაკაძის მიმართ მუქარის საქმეზე-იუმორისტი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

25.04.25 17:21
დაიწყება თუ არა მოკვლევა ფხაკაძის მიმართ მუქარის საქმეზე-იუმორისტი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

იუმორისტი, ვასო ფხაკაძე, მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. მსახიობი, პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩვენებას ოთხი სააათის განმავლობაში აძლევდა. თუმცა, როგორც გაირკვა, მხოლოდ გამოკითხვის ოქმი შედგა და საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

ჯერ კიდევ თვენახვერის წინ, ფხაკაძემ თქვა, რომ  ძველმა მეზობელმა, უწყინარი ხუმრობა არ აპატია და საქმეების გასარჩევად სახლთან ჩასაფრება მოუწყო. 

თვენახევრის შემდეგ დაგვიბარეს მუქარასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში. დეტალურად მოვუყევი, რა იყო და როგორ იყო. მე მაინტერესებს, ეს ადამიანი როცა მემუქრებოდა, მარტო იყო თუ არა, რაიმე ნივთი ხომ არ ეჭირა ხელში, რომ მირეკავს, მოდი, გელოდებიო მეუბნება, მემუქრება და ბილწსიტყვაობს, თუ გამოძიებას დაიწყებენ, შესაბამისად, დაადგენენ. რაც შეეხება დაგვიანებულ რეაგირებას- მითხრეს, ხომ მოხვედითო, მთავარია, მოხვედით და მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. ანუ თუ ვიღაცა გირეკავს და გემუქრება, თვენახევარი უნდა დაელოდო, ასე გამოდის,- განაცხადა ფხაკაძემ გამოკითხვის შემდეგ. 

ფხაკაძის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოში მოსვლამდე, იმედოვნებდა, რომ გამოძიება დაიწყებოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ უწყებაში ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად საკმარის საფუძველს ვერ ხედავენ.

როგორც იქნა, საგამოძიებო უწყებაში, 12 მარტის ფაქტთან დაკავშირებით მოვედით, იმედი გვქონდა, რომ ეს იქნებოდა გამოკითხვის ოქმი, რადგან დაიწყებოდა გამოძიება ჩვენ მიერ შეტანილ საჩივარზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არის საკმარისი საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს. მხოლოდ გასაუბრების ოქმი შეადგინეს. ვასომ მიაწოდა ინფორმაცია და ყველა ის ფაქტი ქორნოლოგიურად მიაწოდა, რაც 12 მარტს მოხდა. დაველოდებით ახლა რას იტყვიან, დაიწყებენ თუ არა გამოძიებას, -ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.

მუქარაში ფხაკაძე ყოფილ პოლიციელს ამხელს. ძალოვანს, რომელიც ჯერ იუმორისტის სახლში მივიდა, შემდეგ რამდენჯერმე დაურეკა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. 

მსგავსი სიახლეები