პროფკავშირ "ლაბორზე", ფაქტობრივად, დევნა განხორციელდა... ეს დაშინების მცდელობაა - დიასამიძე
ფინანსური პოლიციის მიერ დამოუკიდებელი პროფკავშირის "ლაბორის" ოფისში ჩატარებულ 7-საათიან ჩხრეკას "ლაბორის" თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე დაშინების მცდელობად აფასებს.
"გუშინ, პროფკავშირ "ლაბორზე", ფაქტობრივად, დევნა განხორციელდა" - ამბობს დიასამიძე "ტვ პირველის" ეთერში.
გუშინ პროფკავშირ "ლაბორზე", ფაქტობრივად, დევნა განხორციელდა. ფინანსური პოლიცია შემოვიდა, 7 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ ოთხ ობიექტს. ეს იყო ჩემი სახლი, ჩვენი ახალი ოფისი, ძველი ოფისი და "ჰუალინგის" შენობა, სადაც ყრილობა ჩავატარეთ. ეს არის დაშინების მცდელობა და გარკვეული სახის მესიჯი სხვა პროფკავშირებისთვის... ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა. ეს ქვეყანა ამხელა წნეხს ვერ გაუძლებს. ამ მდგომარეობას სოციალური პრობლემები მოყვება. დასაქმებულთა ჯგუფებში დიდ სოციალურ პროტესტს გამოიწვევს..." - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 24 აპრილს, დამოუკიდებელი პროფკავშირის, "ლაბორის" ოფისში ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. "ლაბორის" ოფისის გარდა, საგამოძიებო მოქმედებები კიდევ სამ ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ესენი იყო პროფკავიშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის საცხოვრებელი სახლი, "ლაბორის" ძველ ოფისი და ასევე "ჰუალინგი", სადაც რამდენიმე კვირის წინ პროფკავშირების წარმომადგენლებმა ყრილობა გამართეს.