ვის ჩააბარეს მუზეუმების გაერთიანების დირექტორის თანამდებობა?
თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორად გიგა დაიაური დაინიშნა. დღეიდან, მუზეუმების გაერთიანებას უხელმძღვანელებს კაცი, რომლის შესახებაც ქართველმა ხელოვანებმა არაფერი იციან.
როგორც ირკვევა, მაშინ როდესაც წულუკიანი მუზეუმებს კადრებისგან წმენდდა, მათ პროცესებზე ადვოკატებთან ერთად დაიაურიც მიდიოდა. დაიაურმა ეროვნულ მუზეუმში მუშაობა წულუკიანის მინისტრობისას დაიწყო და სწორედ თეა წულუკიანის კადრი დააწინაურა ახლა კახა კალაძემ.
- სწორედ კალაძე აწერს ხელს მუზეუმების გაერთიანების წინა დირექტორის ნინი სანადირაძის გათავისუფლებას.
მის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში პრაქტიკულად არ იძებნება. სოციალურ ქსელებში სამუშაო ადგილად ამ დრომდე იუსტიციის სამინისტრო აქვს მითითებული.
ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძის თქმით, "ოცნება" პროფესიულ კადრებს პარტიული კადრებით ანაცვლებს.
"ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკა არის ზუსტად იგივე, რაც იყო საბჭოთა და ზოგადად, რა საკადრო პოლიტიკაც აქვთ რეჟიმებს. ეს არის პროფესიული კადრების ჩანაცვლება პარტიული კადრებით. ისინი არ ხელმძღვანელობენ, არც განათლებით, არც კომპეტენციით, არც პროფესიონალიზმით, არც იმით, მანამდე იყო თუ არა ერთხელ მაინც მუზეუმში. მთავარი არის, რომ იქნება შემსრულებელი, რომელიც კულტურის დაწესებულებაში შექმნის ახალ დღის წესრიგს, თანამშრომლებისთვის ახალ დღის წესრიგს ისეთს, როგორიც არის კომფორტული რეჟიმისთვის", - ამბობს ეკა კიკნაძე.
შეგახსენებთ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორის პოზიციიდან თბილისის მერიამ ნინი სანადირაძე გაათავისუფლა. ის მუზეუმების გაერთიანებაში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ, სავალდებულო პროცედურის დარღვევით, ვადამდე ორი წლით ადრე გაათავისუფლეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით.
მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულება 3 აპრილით თარიღდება და მას ხელს კახა კალაძე აწერს. განკარგულებით სანადირაძეს 8 აპრილიდან უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე დღიდან იკავებს მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის პოსტს გიგა დაიაური.