"ქინდერლი ჯორჯიას" წინააღმდეგ ახალი დაზარალებულები გამოჩნდნენ - სუროგაციის ცენტრს ამჯერად წყვილები უჩივიან

27.04.25 17:29
"ქინდერლი ჯორჯიას" წინააღმდეგ ახალი დაზარალებულები გამოჩნდნენ - სუროგაციის ცენტრს ამჯერად წყვილები უჩივიან

"ქინდერლი ჯორჯიას" წინააღმდეგ ახალი დაზარალებულები გამოჩნდნენ. სუროგაციის ცენტრს ამჯერად ის წყვილები უჩივიან, რომლებიც შვილებზე ოცნებობდენ, თანხა გადაიხადეს, მაგრამ კომპანიამ ხელშეკრულება არ შეასრულა.

"პირველების" ინფორმაციით, ამ დროისთვის 9 დაზარალებულია. მოტყუებულებს შორის არიან ყაზახეთის და ჩინეთის მოქალაქეებიც.

იურისტები ამბობენ, რომ წყვილებმა დიდი ფული გადაიხადეს, თუმცა ვერ არკვევენ, სად არის შენახული მათი ემბრიონები. წყვილები მოითხოვენ, რომ გენეტიკური მასალა სხვა კლინიკაში გადაიტანონ. 

9 პოტენციური მშობელია, რომელმაც ამ ეტაპზე არ იცის, მისი ემბრიონი კონკრეტულად რომელ კლინიკაშია. ვერ უკავშირდება კომპანია "ქინდერლის". "ქინდერლი ჯორჯიას" დაზარალებულებთან ურთიერთობა არის ნული, იმიტომ, რომ "ქინდერლი" არ თანამშრომლობს დაზარალებულ პირებთან. საკმაოდ დიდი ზარალები, ეს არ არის 10,20,30. გაცილებით მაღალია ზარალი. არცერთ წყვილს არ სურს, რომ დაიბრუნოს თანხა უკან. აქ საუბარია პროცესის ბოლომდე მიყვანაზე ან ამ ემბრიონის სხვა კლინიკაში გადატანაზე და პროცესის დასრულებაზე. ანუ სამედიცინო ტურიზმი ყვავის სუროგაციის მხრივ საქართველოში. უკავშირდებიან აგენტებს, აგენტები უკავშირდებიან საქართველოში მყოფ კომპანიებს და შემდეგ ამ კომპანიასთან შუამავლის სახით აქვთ ურთიერთობა, - ამბობს იურისტი თამარ ციმაკურიძე.

"ქინდერლი ჯორჯიას" წინააღმდეგ ეს პირველი საჩივარი არ არის. კომპანიას ტრეფიკინგშიც ადანაშაულებენ. სუროგატ ქალებს ბავშვები გააჩენინეს, თუმცა საფასური არ გადაუხადეს. ისინი დიდუბის ჰოსტელში იყვნენ მოთავსებულები, თუმცა ახლა ამ შენობასაც აცლევინებენ.

ინტენსიურად მიმდინარეობს გამოკითხვები. გამოიკითხა 20-ზე მეტი სუროგატი დედა ეს გოგონები განთავსებულები არიან გაუსაძლის პირობებში, ერთ-ერთ ჰოსტელში დიდუბის ავტოვაგზლის ტერიტორიაზე. ეს გოგონები იმყოფებიან მცირეწლოვან თავიანთ შვილებთან ერთად და მათ არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გულსატკენია, ამ ჰოსტელის ხელმძღვანელი ამ გოგონებს ეუბნება, რომ არ არის გადახდილი ჰოსტელის ანაზრაურება და მათ რაც შეიძლება მალე უნდა დატოვონ ჰოსტელის ტერიტორია. გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა მთელი შედეგები ახლა პროკურატურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ უახლოეს მომავალში არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩემი მხრიდან იქნება შუამდგომლობა, რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ იყოს არსებითი გადაწყვეტილებები მიღებული. ის ადამიანები, ვინც დანაშაულები ჩაიდინა, იქნენ დაკავებულები, - ამბობს იურისტი ნინო ადნრიაშვილი.