ირაკლი პაპიაშვილმა სასამართლოს ჩვენება პირველად მისცა - სხდომას გიორგი ჩიკვაიძე არ ესწრებოდა
გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი პაპიაშვილმა სასამართლოს ჩვენება პირველად მისცა - სხდომას თავად პატიმარი ბიზნესმენი არ ესწრებოდა, რადგან ის წინა სხდომაზე მოსამართლე იზა კელენჯერიძემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
- გარდა ამისა, დღეს ჩიკვაიძის დედამ პატიმარი შვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ეკა წერეთელს ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი რეჟიმმა ციხეში მოწამლა.
რაც შეეხება ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდებული ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობს და ეს დღეს სხდომაზეც დადასტურდა.
არცერთი დამკვეთი, ის ადამიანები, ვისთვისაც ჩამოსულა იახტები, ვერ იტყვიან, რომ მე რაიმე მოლაპარაკებებში შევსულვარ რომელიმესთან. მათ შორის ერთ-ერთმა დამკვეთმა დაადასტურა სასამართლო დარბაზში, რომ ირაკლისთან დოკუმენტაციაზე და კონტრაქტებზე საუბარი არ გვქონიაო. ეს კომპანიაც, რომელიც გევდავება, არ ყოფილა არასდროს არაფერით გამორჩეული, რომ მე შევსულიყავი ვიღაცასთან საქმის დეტალებში. ჩემი მოვალეობა იყო სულ სხვა. არვიცი, ალბათ უნდოდათ, რომ ჯგუფური მუხლით წასულიყო გამოძიება და ვიღაცა გენისომა მიაწერა ჩემი სახელი. რაღაც მიმოწერებზე მედავებიან და არაფერი მიმოწერა არ არის. ადამიანმა გადმომიგზავნა შეტყობინება, რომელიც გიორგისთვის იყო განკუთვნილი და ყველაფერი თურმე ჩემს გარშემო ტრიალებს და მე ვარ თურმე ყველაზე დიდი დამნაშავე. ალბათ არის რაღაც სადამსჯელო ოპერაცია გიორგის მიმართ და მეც ამ წრეში ვარ მოყოლილი", - ამბობს ირაკლი პაპიაშვილი.
შემდეგი სასამარათლო სხდომა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ 2 მაისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა. პროტესტის ნიშნად, დაკავებიდან მეორე დღეს, გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.