ნანუკას სახლიდან ძველი მოტოროლა და ფანრიანი ნოკიები, 16 წლის საბას სკოლის კომპიუტერი წაიღეს - ადვოკატი
ნანუკა ჟოჟოლიანის სახლიდან პროკურატურამ მისი არასრულწოვანი შვილის სკოლის კომპიუტერი, მეხსიერების ბარათები, ძველი მოტოროლას ტელეფონი და ფანრიანი ნოკიები წაიღო.
როგორც ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ რა უნდა იპოვნოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლის კომპიუტერში.
ამოიღეს ძველი მოტოროლა და ფანრიანი ნოკიები. რამდენიმე უძველესი ტელეფონი. ამოიღეს ერთი ცალი ფლეშკა, რომელზეც იყო პირადი სურათები განთავსებული და ამოიღეს 16 წლის საბას სკოლის სასწავლო კომპიუტერი. რავიცი, ამ ტელეფონებს თუ ჩართავენ და იმ ტელეფონზებზე თუ რაიმე ინფორმაციას იპოვნიან, ნანუკას პოზიცია არ ვიცი, მაგრამ მე ვურჩევ, რომ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ იმდენად ძველია ის ტელეფონები. რა ინფორმაცია უნდა იპოვნონ იქ, რისთვის წაიღეს, რომელ ექსპერტს უნდა გამოკვლევინონ და რა უნდა დაადგინონ ამით, ჩემთვის რთულად წარმოსადგენია", - ამბობს ადვოკატი.
დღეს, 29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს.
- ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები იყვნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჩხრეკა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
საქმე მოძრაობა ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
მიმდინარე წლის 17 მარტიდან დღემდე დაყადაღებულია იმ ორგანიზაციის ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაპატიმრებულ მონაწილეებს, მათ ოჯახებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებოდნენ.