ფიზიკურად გამისწორდნენ... თითოეული მათგანის ამოცნობა შემიძლია - თაზო დათუნაშვილის პირველი კომენტარი

12.06.25 21:13
ფიზიკურად გამისწორდნენ... თითოეული მათგანის ამოცნობა შემიძლია - თაზო დათუნაშვილის პირველი კომენტარი

 

 

თაზო დათუნაშვილი სოფელი დიღმის მე-6 განყოფილების დატოვების შემდეგ "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მისი დაკავების ფაქტს დეტალურად იხსენებს და ყვება, რომ მანდატურის სამსახურის 15-მდე წარმომადგენელმა დაიჭირა. 

"მირტყამდნენ, შემათრიეს ისეთ ადგილას, სადაც კამერები ვერ დამინახავდა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებაში ადანაშაულებს.

ამასთან, თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა იმ პირის ამოცნობა შეუძლია, რომელმაც მასზე იძალადა. 

მთელი დღის განმავლობაში ამას ვამბობდი, რომ საოცრად აგრესიულები იყვნენ ე.წ. მანდატურის სამსახურის ახლადგაყეყეჩებული ზონდერები, რომელსაც რამდენიმე თვეა მისცეს უფლება, რომ ყველაფერი იკადრონ. რაღაც მომაძახა უკნიდან და შემდეგ 15-მდე ადამიანმა დამიჭირა. მირტყამდნენ, შემათრიეს ისეთ ადგილას, სადაც კამერები ვერ დამინახავდა და წამიყვანეს დაბლა. ვეუბნებოდი, რომ უკანონოდ ვყავდი გაჩერებული. უკიდურესად აგრესიულები, უზრდელები იყვნენ. 

იყო მცდელობა დარტყმის. ფიზიკურად რამდენიმე ეპიზოდში გამისწორდნენ. მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან დავიწყე ურთიერთობა, ცივილურად ჩაიარა ყველაფერმა. მანამდე, ახლადგაყეყეჩებული ზონდერები ისე იქცეოდნენ, რომ გასაკვირი არ არის. 

ამოცნობა შემიძლია. ეგ ვუთხარი თითოეულ მათგანს და თქვენი ეთერითაც ვიტყვი, რომ თითოეულ მათგანს ამოვიცნობ. დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო პასუხი მოყვება. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი. ასე არაკაცურად არავინ მოქცეულა." - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

ცნობისთვის, თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დააკავეს. ვიდეოკადრებში, რომელსაც "პუბლიკა" ავრცელებს, ჩანს, როგორ შეიყვანეს ის სასამართლოს ეზოდან შენობაში მანდატურებმა ძალის გამოყენებით. 

მოგვიანებით, მისი დაკავების ახალი დეტალები "ტვ პირველის" ეთერში მისმა თანაგუნდელმა, გიორგი სიორიძემ მოყვა. როგორც გიორგი სიორიძემ განაცხადა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ბოლო კომუნიკაციის შემდეგ დადგინდა, რომ თაზო დათუნაშვილი სასტიკად ნაცემი საქალაქო სასამართლოს სარდაფში იყო ჩაკეტილი.

მსგავსი სიახლეები