აღარაა საჭირო დისკუსია, შეასრულეთ ომბუდსმენის რეკომენდაცია - აშშ-ის ელჩის მიმართვა ხელისუფლებას

,,ვენდობით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაუწიოს მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა სათანადო კლინიკაში - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა. კელი დეგნანისთვის გაუგებარია, რატომ არ სრულდება ომბუდსმენის რეკომენდაციები და რატომ არ ეძლევა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სათანადო მკურნალობის საშუალება.
ჩვენ გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აღარაა საჭირო რაიმე სახის დისკუსია, ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთან ჯგუფს. მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდეს აღარ განმეორდეს და ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, შესაბამის დაწესებულებაში.
მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიცა იმიტომ, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება - განაცხადა კელი დეგნანმა.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მედიკოსებით არის დაკომპლექტებული, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
გუშინ ადვოკატებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და მისი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 50 დღეა, რაც შიმშილობს.