საქართველოში ვაქცინის შემოსატანად კერძო კომპანიებმა მოლაპარაკებები დაიწყეს

03.03.21 17:39
საქართველოში ვაქცინის შემოსატანად კერძო კომპანიებმა  მოლაპარაკებები დაიწყეს

საქართველში ვაქცინის შემოსატანად კერძო კომპანიებმა  მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის, „გეფას", ოფისში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. "გეფას" ხელმძღვანელი დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის, ამირან გამყრელიძის, შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა. სწორედ მის ოფისში შეხვდნენ ერთმანეთს ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილე და გენეტიკის ეროვნული ლაბორატორისს ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

შეხვედრის თემა ქვეყანაში კომერციული გზით ვაქცინის შემოტანა იყო. ორივე კომპანია ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან კერძო მოლაპარაკებებს აწარმოებს. ისინი ვაქცინის შემოტანას გაერთიანებული ძალისხმევით შეეცდებიან, თუმცა ამისათვის მათ მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ.

შეხევდრის მონაწილეები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ხელისუფლებას ერთიანი გეგმით  მიმართავენ და  ქვეყანაში  ვაქცინის შემოტანის უფლებას  ოფიციალურად მოთხოვენ.

შეხვედრაზე განვიხილეთ, ვის რა რესურსი გვაქვს დღეს იმისათვის, რომ ერთჯერადი ეს პროექტი, რასაც საქართველოში ვაქცინაციის დაწყება ჰქვია, ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანად მაშინ, როცა ხელისუფლება არის უუნარო. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ერთ კომპანიას, არამედ ,,გეფას" აქვს იგივე მოლაპარაკებები და რეალურად, შესაძლებელია ვაქცინაციის დაწყება, თუკი იქნება უკვე კერძო ბიზნესის და მთავრობის ერთიანი სურვილი და მზაობა, - ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე.

გიორგი ჩალაძის თქმით, ამ პროცესის შეფერხება მხოლოდ მთავრობას შეუძლია.

თუკი ვინმე და რამე შეაფერხებს ამ ვაქცინაციას, ერთადერთი არის მთავრობა, მეტი არავინ. ამიტომ ახლა ნება უნდა იბოძონ კაბინეტებში მსხდომმა თანამდებობის პირებმა და მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგად მოყვება ჩვენი მოსახლეობის გადარჩენა. ამ ორი კომპანიის ერთი მიზნით დადგომა დღეს ნიშნავს, რომ არ არსებობს უპირველესი ინტერესი, გარდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა“, - აცხადებს ჩალაძე.

ამ დრომდე მთვარობა ქვეყანაში ვაქცინის კომერციული გზით შემოტანის მომხრე იყო. გენეტიკის ეროვნულმა ლაბორატორიამ შესაბამისი თხოვნით მთავრობას უკვე მიმართა, მიუხედავად ამისა, ვაქცინის შემოტანაზე ნებართვა ჯერ კიდევ  არ მიუღია.

ახლა მთავრობას უკვე ორი კომპანია მიმართავს. ხელისუფლების პოზიცია ცნობილი რამდენიმე კვირაში გახდება.

მსგავსი სიახლეები