სხვა არჩევანი არ დარჩა - ექსპერტები ჩინურ ვაქცინაზე

ჯანდაცვის სპეციალისტები ჯანმოს მიერ ჩინური ვაქცინის აღიარებას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ. იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე, ამბობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინურ "სინოფარმს" და "სინოვაკს" ავტორიზაციას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს მისცემს.
,,ჯანმო" მიუახლოვდა "სინოფარმის" ვაქცინის ავტორიზაციას რამდენიმე სანტიმეტრზე, სავარაუდოდ, ,,ჯანმო" კვირის ბოლოს ამ ვაქცინებს მისცემს ავტორიზაციებს. ის შეფასება, რომელიც ამ ვაქცინამ ,,ჯანმო"-ს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფისგან მიიღო, არის დადებითი," - ამბობს ივანე ჩხაიძე.
გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, მიიჩნევს, რომ ჩინური ვაქცინა უბრალოდ ბოლო ვარიანტია, თუმცა არა საუკეთესო.
,,ჯანმო"-მ დაიწყო ჩინურ ვაქცინაზე საუბარი და პრიორიტეტის მინიჭება მას შემდეგ, რაც ინდოეთის ინსტიტუტმა ვერ შეძლო და ვერ დააკმაყოფილა ,,ასტრაზენეკას" დიდი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა. ამიტომ კონტექსტი არ უნდა დაგვავიწყდეს. კრიტიკულ მომენტში, როცა სხვა არჩევანი არ დარჩა, მაშინ დაიწყო ,,ჯანმო"-მ ჩინური ვაქცინის განხილვა. ერთ მხარეს გვაქვს ამერიკა მეორე მხარეს გვაქვს ჩინური ვაქცინა, ამაზე საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ სხვა უკეთესი ხელში აღარ გვაქვს - ამბობს გიორგი ჩალაძე.
,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ" ჩინურ ვაქცინაზე მსჯელობა 3-ჯერ გადადო. საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
საქართველოში ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაცია დღეს დაიწყო.