საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება - თამარ გაბუნია

09.03.21 13:59
საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება - თამარ გაბუნია

საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

გაბუნიას თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლოდან "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინით დაიწყება, ხოლო შემდეგ შესაძლოა ჩინური "სინოფარმის" შემოსვლა მოხდეს.

 მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“. მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს, - თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინები საქართველოში 22 მარტის კვირაში ჩამოვა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 14 ათასი სამედიცინო მუშაკის აცრა.