ვაქცინაცია საქართველოში - ექიმების ნაწილი ასტრა ზენეკას ვაქცინით აცრაზე უარს აცხადებს

16.03.21 12:32
ვაქცინაცია საქართველოში - ექიმების ნაწილი ასტრა ზენეკას ვაქცინით აცრაზე უარს აცხადებს

ექიმების ნაწილი ასტრა ზენეკას ვაქცინით აცრაზე უარს აცხადებს. ბოლო 24 საათში ვაქცინის პირველ დოზაზე მიღების  თანხმობა მხოლოდ 668 მედიკოსმა განაცხადა, რაც  ასაცრელი მედპერსონალის მხოლოდ 9 % ს შეადგენს.

პირველ ეტაპზე ასტრა ზენეკას ვაქცინა 43 200 მედიკოსმა უნდა გაიკეთოს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, სპეციალურ ვებ-პორტალზე მხოლოდ 4 202 მედიკოსია რეგისტრირებული.

ექსპერტები  ამბობენ, რომ  ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობების გასანეიტრალებლად  ტიკარაძის უწყებამ არ იმუშავა და მედპერსონალის და მოსახლეობის სწორად ინფორმირება არ მოახდინა. ასევე, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ამ დრომდე არ აცრილა ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

აუცილებელია, რომ პირველმა პირებმა გაიკეთონ ეს ვაქცინა. მე ვფიქრობ, რომ მინისტრთა კაბინეტმა მოსახლეობას ჩვენი მინისტრებისთვის, ყველასთვის უკლებლივ, პრემიერის ცათვლით ემეტებათ 20-30 დოზაზეა აქ სულ ლაპარაკი, არ იქნება ეს დანაკლისი ვაქცინაციის პროგრესისთვის. პირიქით, ეს იქნება იმხელა ძალა, რომ ჩვენს ქვეყანას წინ წაწევს ამ პროცესში, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება დროულად განახროციელონ - აცხადებს ექიმი - ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი.

ევროპაში უკვე 15-მდე  გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც ასტრა ზენეკას მიღება და გამოყენება დროებით შეაჩერეს. გუშინ უკვე ამ ქვეყნების რიცხვს საფრნაგეთი, იტალია და გერმანია დაემატა.

ექიმები კი ამბობენ, რომ ყველა კვლევის მიხედვით, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლების მარეგულირებელი აცხადებს, ასტრა ზენეკას გამოყენებასა და გართულებებს შორის კავშირი არ დასტურდება, ამიტომ ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ პანდემისს დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

მსგავსი სიახლეები