სკანდალი: "საზოგადოებრივი მაუწყებლობის" ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების დროს ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
"საზოგადოებრივი მაუწყებლობის" ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულინოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების დროს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - სკანდალური განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მუქარას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი პოლიციის გამყოფილებაში ჰქონდა.
ყოფილი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პერიოდულად, პოილციელები ვინმე "რონის" ეკონტაქტებოდნენ. ჩაჩუას მტკიცებით, სწორედ ის აკონტროლებდა მთელ იმ პროცესს.
ჩაჩუამ მოსამართლეს უთხრა, რომ მოძალადე და მუქარის განმახორციელებელი პოლიციელების ამოცნობა შეუძლია.
"იყო ხელის დარტყმაც, რა თქმა უნდა, მათ შორის, იყო მუქარა შემდეგ უკვე კაბინეტში, იქვე ედო რაღაცები, "დუბინკა" და მეუბნებოდა: "ახლა ამით გაგაუპატიურებ და "ქათამს" გაგიშვებ ციხეშიო". ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იქ, განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს...
სახელი და გვარი არ ვიცი ამ ადამიანების, თუ მოწმეთა სიაში არიან, მე მათ რომ დავინახავ, რა თქმა უნდა, ამოვიცნობ...
ვინმე რონის ეკონტაქტებოდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ტელეფონით, პერიოდულად ვინმე რონის ეკონტაქტებოდნენ და ის აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს"- თქვა ჟურნალისტმა.
ჩაჩუამ მოსამართლეს უთხრა, რომ დსკავებისას სამართალდამცავები მისგან გარკვეული ტიპის ინფორმაციას ითხოვდნენ.
დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დამაკავეს... ჩემს წინააღმდეგ კონკრეტულად ორ თანამშრომელს, მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი, ჰქონდათ გარკვეული ტიპის მოთხოვნები. ისინი ითხოვდნენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მე, ფაქტობრივად, საქმის კურსში არ ვიყავი. იყო ასევე ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, რასაც მოჰყვა, საბოლოო ჯამში, ჩემივე ზეწოლისთვის ჩემი მეუღლის დაკავებაც..."- ამტკიცებს ბრალდებული.
ვინ არის "რონი", ვისაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი ჟურნალისტი ახსენებს - ეს წესით გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყება.
შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, წინა კვირას ციხიდან წერილი გაავრცელა სადაც ამტკიცებდა, რომ მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს.
ჩაჩუას თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მისგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჟურნალისტის განცხადებით მისი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აქვს.
11 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საზმაუს" ყოფილი თანამშრომლის საპასუხოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყება ბრალდებებს „ცრუს და დაუსაბუთებელს“ უწოდებს. შსს-მ განცხადებას თან დაურთო 16-წამიან ფარულ ვიდეო ჩანაწერი.
ნოდარ ჩაჩუა 6 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავებული იყო მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია. ქალს ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან. ლალო ბერია სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს. ქალს საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა.