ისრაელში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება

28.10.26 10:14
ისრაელში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა ფიქსირდება

ისრაელში მიმდინარე არჩევნებზე მოქალაქეთა უპრეცედენტო აქტივობა აღირიცხება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ისრაელის დროით 20:00 საათისთვის (თბილისის დროით 22:00) საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 74.3% მივიდა, რაც 5 449 277 მოქალაქეს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროისთვის აქტივობა მნიშვნელოვნად ნაკლები - 66.3% იყო.

ამომრჩეველთა მაღალი ნაკადის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდისა“ და სხვა მემარჯვენე პოლიტიკური ძალების მოთხოვნა კენჭისყრის ვადის გახანგრძლივების თაობაზე.

კომისიის განმარტებით, პროცესის გადავადების სამართლებრივი თუ ლოჯისტიკური წინაპირობა არ არსებობს:

„[მაღალი აქტივობა] დემოკრატიულ პროცესში საზოგადოების მტკიცე ჩართულობას ასახავს და კენჭისყრის დროის გახანგრძლივების საჭიროება არ გამოკვეთილა“.

გაზეთ Haaretz-ის ინფორმაციით, ცესკო პირველად ოფიციალურ მონაცემებს ისრაელის დროით დაახლოებით 01:00 საათზე (თბილისის დროით 03:00) გამოაქვეყნებს. ამავდროულად, საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საბოლოო შედეგების დათვლა შესაძლოა 30 ოქტომბრამდე გაგრძელდეს, რაც დაუსწრებლად მიცემული (ე.წ. ორმაგი კონვერტების) ხმების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას უკავშირდება.