უკრაინული მედია: სასამართლომ გენპროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 19 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით განცხადებით მიმართა.
კერძოდ, საქმე ეხება დავით არახამიას მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო მოსყიდვას.
უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია.
ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოააშკარავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის წევრებიც მოქმედი დეპუტატები იყვნენ. გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფების წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს უმაღლეს რადაში საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.
პროკურორებმა ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ხმის მიცემების სანაცვლოდ ქრთამის იღებდნენ. უკანონო სარგებლის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა.
გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს დეპუტატებისთვის კონვერტებით ფულის გაცემის საქმეზე დავით არახამიას თანაშემწე გაჩხრიკეს.