პოლონეთის საგარეომ, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთის ელჩი დაიბარა

24.11.26 21:47
პოლონეთის საგარეომ, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთის ელჩი დაიბარა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი, გეორგი მიხნო დაიბარა. უწყების განცხადებით, შეხვედრა პარასკევს, 20 ნოემბერს შედგა და მიზეზად პოლონეთის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ფრთოსანი რაკეტის შეჭრა დასახელდა.

სამინისტრომ მკაცრად დაგმო ბოლო თვეებში დაფიქსირებული დარღვევები და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და საჰაერო კატასტროფის რეალურ რისკს ქმნის. უწყების შეფასებით, ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვრებთან დაძაბულობის ესკალაციის მცდელობები მიუღებელია.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვარშავა მოკავშირეებთან კოორდინაციით აგრძელებს საზღვრისა და საჰაერო სივრცის დაცვას, ასევე მადლობას უხდის პარტნიორებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის. პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთს ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და მძიმე დანაკარგები მოჰყვება.