სერბეთში დააკავეს პრორუსი ლიდერის პროპაგანდისტი, რომელიც ხალხს წლების განმავლობაში ომით და მაიდნის განმეორებით აშინებდა
სერბეთის ყოფილი პრორუსი მმართველის, ალექსანდრ ვუჩიჩის მედიამოკავშირე და სამთავრობო ტელეკომპანია „ინფორმერის“ მფლობელი დრაგან ვუჩიჩევიჩი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება პანიკის გავრცელება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.
„კლაშრეპორტი“ (Clash Report) წერს, რომ ტელევიზიის მფლობელს პანიკის დათესვას ედავებიან. პროკურატურის მასალების მიხედვით, პრორუსი მმართველის, ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდასაჭერად პროსამთავრობო ტელევიზიის მფლობელი ხალხში პანიკას თესავდა, რომ მოახლოებული იყო „სისხლისღვრა“, „მაიდანი“ და სერბეთს ომში ითრევდნენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ პროსახელისუფლებო ტელევიზიის მფლობელის წინააღმდეგ საქმის მასალებს შორის არის მისი გამონათქვამები, რომლითაც პოლიციას მოუწოდებდა, სასტიკად გასწორებოდა ქუჩაში ვუჩიჩის წინააღმდეგ გამოსული მომიტინგეებს: „პოლიციანო, სცემეთ ისინი, ნეკნები გადაუმტვრიეთ!“ — ციტირებს „კლაშრეპორტი“.
მედიამოკავშირისა და მთავარი პროპაგანდისტის დაკავების შემდეგ ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას დაიწყებს.
სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „სტუდენტური სიის“ წევრები პრორუსი ლიდერის მთავარი პროპაგანდისტის დაკავებას ტაშით შეხვდნენ, წერს N1.