კობახიძე აშშ-ის წინა ადმინისტრაციას აკრიტიკებს და ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყებას ითხოვს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა საქართველოს ოპოზიციისა და საპარლამენტო მანდატების საკითხის მიმართ განსხვავდება წინამორბედისგან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ოცნების" ლიდერის მტკიცებით, წინა ამერიკული ადმინისტრაცია და ევროპული ბიუროკრატია ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტისკენ უბიძგებდნენ, ხოლო ახალი ადმინისტრაცია, მისი შეფასებით, პოლიტიკური მანდატების პატივისცემის აუცილებლობას უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს.
"მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. წინა ადმინისტრაცია პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, შეთანხმებების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024-ში. მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული." - განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" ლიდერმა აშშ-სთან ურთიერთობების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისი ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის მზად არის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
"საინტერესო საუბარი გვქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი, ჩვენი მხრიდან საჯაროდ გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს.
ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა. ეს არის ჩვენი მოწოდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ." - თქვა ირაკლი კობახიძემ.
25-28 მაისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია, რომელმაც შეხვედრები გამართა როგორც "ოცნების" ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ აშშ-ის საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობასთან კონსტრუქციული და მომავალზე ორიენტირებული ურთიერთობებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა დააფიქსირა, ასევე ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების ინტერესს. ამავე განცხადების თანახმად, ოპოზიციასთან შეხვედრებისას დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ოპოზიციის მიმართ მოპყრობის საკითხებზე.