ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ და არცერთი სიტყვა რუსეთზე - რა წერია კობახიძის წლიურ ანგარიშში
ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ და არცერთი სიტყვა რუსეთის პასუხისმგებლობაზე — ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში უკვე პარლამენტშია. "ოცნების" ლიდერს საკანონმდებლო ორგანოში 26 ივნისს ელოდებიან.
88 გვერდიან დოკუმენტში „ქართული ოცნების“ ლიდერი ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სწორედ ბრიუსელის გადაწყვეტილებებმა შეაფერხა რიგი პროცესები, თუმცა ანგარიშში არ არის საუბარი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიაზე და ოკუპაციის გაღრმავების კონკრეტულ ნაბიჯებზე.
ანგარიშში ნახსენებია ოკუპაციის თემა, თუმცა "ოცნების" ლიდერი არ ეხება მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის გაფორმებულ ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებას და სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც, კრიტიკოსების შეფასებით, რეგიონში რუსეთის გავლენის განმტკიცებას ემსახურება.
გლობალურად გაზრდილი ეკონომიკა, გაზრდილი პენსიები, გაზრდილი სოციალური დახმარება და ჰარმონიზაცია პოლიტიკის ევროკავშირთან - ამ თემებზე აკეთებს ირაკლი კობახიძე საკუთარ ანგარიშში.
ყოველწლიური ანგარიშის განხილვას პარლამენტში თავად ირაკლი კობახიძეც დაესწრება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ტრადიციულად ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას - ეს არის ეკონომიკის საკითხები, სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ეს არის სრულფოასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსლუტურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას და რა თქმა უნდა, ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც უკვე მე პირადად წარვდგები პარლამენტარების წინაშე. ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა და ველოდებით საინტერესო დისკუსიას, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
კობახიძის ანგარიშს მწვავედ აფასებს ოპოზიცია. თეონა აქუბარდიას განცხადებით, დოკუმენტში ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხი დამახინჯებულად არის წარმოდგენილი, მაშინ როცა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივ ანექსიაზე საერთოდ არ არის საუბარი.
გარდა იმისა, რომ კობახიძს ანგარიშში უამრავი ტყუილი წერია სუვერენიტეტის და თურმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობის აღდგენასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ფაქტობრივ ანექსიაზე ხმა არ ამოუღია, რეალურად ეს ანგარიში, როგორი ამოყირავებულიც არის ევროინტეგრაციის თავი, ასე ამოაყირავეს მათ ჩვენი კონსტიტუცია, ევროინტეგრაციის ნაცვლად საუბარია ევროკავშირთან ჰარმონიზაციაზე, - ამბობს თეონა აქუბარდია.