ვაშინგტონის რეკომენდაციები თბილისს — რა ნაბიჯებს ელოდება აშშ „ოცნებისგან“

02.06.26 20:40
ვაშინგტონის რეკომენდაციები თბილისს — რა ნაბიჯებს ელოდება აშშ „ოცნებისგან“

 

 

აშშ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის ორ მთავარ პირობას ასახელებს — სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში გამართული შეხვედრები შეაჯამა. ამერიკული მხარის განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის აუცილებელია ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. დელეგაციის ინფორმაციით, ამ საკითხებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან კონკრეტული ნაბიჯებიც განიხილეს.

ამასთან, ივანიშვილის ხელისუფლებას საკუთარი პირობაც აქვს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისი ვაშინგტონისგან „სამართლიან დამოკიდებულებას“ ელოდება.

რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს "ოცნება" ამერიკული მხარის რეკომენდაციების შესასრულებლად, ივანიშვილის გუნდში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. თუმცა, ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, ამერიკული მხარის შეფასებით, ისეთ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, რომლებიც ოპოზიციის პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს.

დოკუმენტში ასევე საუბარია სანდო პარტნიორის იმიჯის აღდგენაზე. ამ კონტექსტში აშშ ყურადღებას ამახვილებს საქართველოში მავნე გარე გავლენების შემცირებასა და სამართლიანი, კონკურენტული ეკონომიკური გარემოს შექმნაზე.

ოპოზიციის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების ნდობის დასაბრუნებლად ხელისუფლებამ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები უნდა გადადგას. მათ შორის ასახელებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის უკან გაწვევას, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც, მათი თქმით, დემოკრატიულ პროცესებს ზღუდავს.

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ მთავარი გზავნილი კანონის უზენაესობის აღდგენაა, რადგან სწორედ ეს არის საფუძველი, რომელზეც საქართველო-ამერიკის პარტნიორობის აღდგენა შეიძლება აშენდეს. მათი შეფასებით, ხელისუფლება ყურადღებას მხოლოდ ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ გზავნილებზე ამახვილებს და უგულებელყოფს იმ კრიტიკულ საკითხებს, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები