"ამის რესურსი არ იყო" - რა თქვა კობახიძემ კორუფციასთან ბრძოლაზე

09.06.26 18:56
"ამის რესურსი არ იყო" - რა თქვა კობახიძემ კორუფციასთან ბრძოლაზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ წლების განმავლობაში კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ ჰქონდა. როგორც 9 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრა. 

"მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმდენი თავსატეხი მქონდა, რაც დაკავშირებული იყო გარე ზეწოლებთან, შანტაჟთან, რევოლუციებთან და ა.შ... განა არ მეცალა, რთული იყო ერთდროულად ამდენ პრობლემასთან გამკლავება. დღეს გარედან ამხელა მცდელობაა ომში ჩაგითრიონ, შანტაჟი განახორციელონ, ზეწოლა განახორციელონ, თან მეორე თავსატეხი გაქვს ქვეყნის შიგნით რაღაცებს ბოლომდე მიჰყვე, განა არ მეცალა, მაგრამ ამის რესურსი არ იყო.

მაგრამ დღეს პასუხისმგებელი ვარ, რომ შარშანდელი ივნისიდან პერიოდში, როცა საქართველოს მთავრობაში არსებითად დასრულდა საკადრო ცვლილებები, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, კორუფციის ერთი ფაქტი თუ იქნება დაკავშირებული ზედა ეშელონის პოლიტიკოსებთან, როგორებიც არიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები - ერთ ფაქტს თუ ამოიღებთ კორუფციის, გპირდებით, რომ მყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია ყველაფერზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2023 წელს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რამაც შედეგი გამოიღო.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია, პროკურატურამ 2025 წლის ანგარიშში თავად ჩაწერა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 230 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 155 იყო.

შეგახსენებთ, კორუფციის ბრალდებით "ქართული ოცნების" არაერთი ლიდერია დაკავებული: 5 წლიან პატიმრიბას იხდის ირაკლი ღარიბაშვილი.

კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ციხეშია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და სხვები.

მსგავსი სიახლეები