ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია - TI-ს დასკვნით, პროკურატურამ პოლიტიკოსს საქმე „შეუკერა“

13.10.26 11:14
ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია - TI-ს დასკვნით, პროკურატურამ პოლიტიკოსს საქმე „შეუკერა“

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს - ამის შესახებ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. 

საუბარია პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე კიდევ ერთ საქმეზე, რომელსაც პროკურატურა ტერორისტული მიზნით სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდებად აკვალიფიცირებს.

ამ შემთხვევაში პროკურატურა ვერ ასაბუთებს, არა მხოლოდ ტერორისტული მიზნის არსებობას, არამედ ინკრიმინირებული ქმედების – ცეცხლის წაკიდების – ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აცხადებს, რომ ბრალდება იმდენად მოკლებულია გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად აუცილებელ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომ:

„ეს საქმე ივანიშვილის რეჟიმის პირობებში წარმოებულ სხვა მრავალ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შორისაც კი გამოირჩევა ბრალდების პოზიციის განსაკუთრებული უსუსურობითა და მტკიცებულებითი საფუძვლის თვალშისაცემი სიმწირით“ - წერს TI.

ორგანიზაციის შეფასებით, ფაქტობრივად, ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

  • გამოძიების პოზიციით, დგინდება შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მიერ დანაშაულის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშების ელისაშვილის სუნის ნიმუშთან გაიგივების ფაქტი.

TI-ის განცხადებით, ერთადერთი მტკიცებულებაც კი ძლიერ ეჭვებს წარმოშობს მისი კანონიერებისა და უტყუარობის კუთხით.

  • "პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ცეცხლი სწორედ ელისაშვილმა წაუკიდა"- მიიჩნევენ მესამე სექტპრის წარმომადგენლები. 

TI აცხადებს:

  • მოწმეები არ ადასტურებენ ელისაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენას – „სადავო ვერ იქნება, რომ საქმეზე დაკითხული არცერთი მოწმე, სასამართლოს მანდატურების ჩათვლით, არ გამოდგება იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ 2025 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ არ იციან, ვინ ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, ამ საქმეს თვითმხილველი მოწმე არ ჰყავს;
  • ვიდეომტკიცებულებები ელისაშვილის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია, მათი ნაწილი კი უკანონოდ იქნა მოპოვებული;
  • ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დღემდე არ არის წარმოდგენილი;
  • „ოპერატიული ინფორმაცია“, მისი ანონიმური წყარო და პოლიციელის „პატაკი“ დაუშვებელი მტკიცებულებაა;
  • ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების ერთადერთი, მაგრამ ისიც დაუშვებელი და არაუტყუარი მტკიცებულებაა;
  • პროკურატურას საერთოდ არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ტერორისტულ მიზანზე მიუთითებდა.

"საერთაშორისო ორგანიზაცია" აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს კრიტერიუმების შესაბამისად, ელისაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„წინა პუბლიკაციაში ჩვენ დავასკვენით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის სტატუსს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმიდან გამომდინარე.

ამ საქმეში პოლიტიკური პატიმრის სტატუსის საკითხი უნდა შეფასდეს იმ კუთხით, აკმაყოფილებს თუ არა მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ რომელიმე კრიტერიუმს, მათ შორის, სულ მცირე, აშკარად უსამართლო სამართალწარმოების კრიტერიუმს.

ყველა ის გარემოება, ერთად აღებული, რაზეც ზემოთ იყო მსჯელობა, კერძოდ – გამოძიების ხანგრძლივი უმოქმედობა; მოულოდნელად, უცნობ წყაროზე დაყრდნობით, სავარაუდო დანაშაულის ელისაშვილთან დაკავშირება; ბრალად შერაცხული ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა; ვიდეომტკიცებულებების დაგვიანებული მოპოვება; ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის უარყოფითი შედეგისა და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის მიუხედავად ელისაშვილისთვის ბრალის წარდგენა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არასარწმუნოობა; ტერორისტული მიზნის დამოუკიდებელი მტკიცებულების არარსებობა; წინა ტერორიზმის საქმესთან კონტექსტუალური კავშირი – მიუთითებს იმაზე, რომ ამ საქმეშიც ელისაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა და პასუხისგებაში მიცემა აშკარად უსამართლო ხასიათს ატარებს, რაც ასევე აშკარად დაკავშირებულია ხელისუფლების ორგანოთა პოლიტიკურ მოტივებთან.

შესაბამისად, წინა საქმის ანალოგიურად, მოცემულ შემთხვევაშიც, ალექსანდრე ელისაშვილი უნდა იქნეს მიჩნეული პოლიტიკურ პატიმრად“, – წერს TI-საქართველო.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აანალიზს  გაეცნოთ აქ.

მსგავსი სიახლეები