გიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი

13.10.26 15:09
გიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი

"გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს"- განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

იურისტს მე-6 პენიტენციური დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა უთხრა, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. არევაძის განცხადებით, ამ შეურაცხყოფაზე დავითაძეს ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება. 

უფლებადამცველის თქმით, მსჯავრდებულს ტელევიზორი ჩამოართვეს: 

ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! 
გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს. 
როგორც გიორგიმ მითხრა:
- საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება;
- მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა). 
გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე რომ დღესვე ნახონ გიორგი"- წერს ადვოკატი. 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
  • უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს. 
  • უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც,  სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
  • სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
  • მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

 რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

  • TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
  • ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები