ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო "პოლიტიკური დევნის იარაღად" არის გადაქცეული

14.10.26 21:36
ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო "პოლიტიკური დევნის იარაღად" არის გადაქცეული

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო "პოლიტიკური დევნის იარაღად" დიდი ხანია რაც გააქცეულია.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ეს პირველმა მან განიცადა, როცა მის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა. 

"საკონსტიტუციო სასამართლო უკვე კარგა ხანია გამოვიდა იმ როლიდან რაც უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფბ-ლაივში. 

საკონსტიტუციო სასამართლო (ხელისუფლების პოლიტიკური დევნის იარაღად) მემგონი ცოტა მეტი ხანია რაც იქცა. მე პირადად განვიცადე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაქცევა პოლიტიკური დევნის ინსტიტუტად, როცა დაიწყეს ჩემს მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები. თუმცა ჯერ კიდევ საკონსტიტუციოში იყო ის სამის მოსამართლე, რომლებმაც გამოსცეს განსხვავებული მოსაზრება, რომელიც დარჩება ისტორიაში. ის იყო ძალიან არგუმენტირებული და ბევრად უფრო, ვიდრე ის რაც იყო კობახიძის მიერ წარდგენილი არგუმენტები, ირაკლი კობახიძეს ვგულისხმობ. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე კარგა ხანია გამოვიდა იმ როლიდან რაც უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ რომ გვქონდეს კარგი საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ სასამართლოც გვექნებოდა და  ზოგადად დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები და საერთოდ კონსტიტუციური წყობა საქართველოში, რაც არ არის დაცული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კონტექსტში მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ქმედება, რომლითაც “ქართული ოცნება” ვიღაცას მორიგი რეპრესიული კანონის მიღების შესახებ ამცნობს.

“ქართული ოცნების” წევრები რაღაც ახირებით მოქმედებენ, გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აკრძალონ, თუმცა უკვე იმდენად შეზღუდული იყო მანამდეც ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა და ყველა პოლიტიკური პარტია, რომ ძნელი წარმოსადგენია, რას აღწევენ ახლა ამით, რაში სჭირდებათ და რა წისქვილებს ებრძვიან.

ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმის, რომ ვიღაცას უჩვენებენ, კიდევ ერთი რეპრესიული კანონი უნდა მივიღოთო და შიგნით რეალურად არაფერი იცვლება. ეს ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთი გზა გადაჭრან ჩვენსა და ევროკავშირს შორის, რომ ამაზე ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ რეაქცია და საქართველოს მეტი იზოლაცია მოჰყვეს. ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესების მიხედვით მსვლელობაა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.