5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

26.10.26 10:21
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს, 14:00 საათზე განახლდება.

  • საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, პლენუმი “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხება, გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან ფორსირებულ რეჟიმში წავა. ერთი დღე ერთი სხდომა.  ასე იქამდე გაგრძელდება ვიდრე მოსამართლეები სათათბიროდ არ გავლენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს "ძლიერი საქართველოს" წევრი,  დავით უსუფაშვილიც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით „ქართული ოცნება“ ცდილობს, თავად განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური ძალები იარსებებენ ქვეყანაში.

"ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, კონსტიტუციურ დონეზე გააფორმოს ერთმართველი დიქტატურა საქართველოში. ამისთვის მას სჭირდება არა მხოლოდ იმ 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, არამედ მათი მომხრე მილიონამდე ამომრჩევლის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის წართმევა. ასევე, თუ სხვა ვინმე გამოჩნდება, პოლიტიკური ძალები, ახლადშექმნილი თუ დღეს მოქმედი, უკვე სია აქვს ჩამოწერილი, რომ ამათაც გავაუქმებ თუ ისინიც დამიპირისპირდებიანო. მან განაცადა, რომ ამ გზით საქართველოში უნდა შექმნას ნორმალური და სწორი ოპოზიცია. ანუ "ოცნებამ" არა მხოლოდ მიითვისა და უზურპაცია გააკეთა მთლიანად სახელისუფლებო სისტემის, არამედ ახლა ოპოზიციაც თავად უნდა შექმნას და დანიშნოს. ცხადია, იბადება რიტორიკული კითხვა, ამ 12-13 წლის განმავლობაში გახსენდებათ, რომ ვინმე "მათი სტანდარტით" ნორმალური და სწორი ოპოზიცია გამოჩნდა ქვეყანაში გარდა თავისივე განაყოფ-შენაყოფისა, რომელსაც ხან შეიერთებენ, ხან გააცალკევებენ? თუ რამე თემა გაქვთ გასარკვევი, რა მოხდა 2007-თუ 2009-ში, "ლელო" რა შუაშია, რომელიც 2019-ში შეიქმნა? თუ რამე გაქვთ გასარკვევი ჩორჩანაში რა მოხდა, ან დემონსტრაციის დარბევისას რა მოხდა, თქვენი მინისტრი და თქვენი პარტიის წევრი იყო მაშინ და იმას ედავებით რაღაცას, მაშინ მე რატომ მომიყვანეთ აქ, საკუთარი პარტიის აკრძალვაზე უნდა ილაპარაკოთ თუ ის არასწორი ქმედებები იყო, - ამბოს უსუფაშვილი. 

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

 

მსგავსი სიახლეები