პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციის თაობაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე პროკურატურის რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საკანში სავარაუდო ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს.
პაპუაშვილის მტკიცებით, აღნიშნული რეკომენდაცია არც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდო ინციდენტში გიორგი პატარიძე მონაწილეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურის მიმართ ნდობა აქვს.
"არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ამის დადასტურება. ეს იმის დადასტურებაა, რომ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, თუ რაიმე საჭიროა მისთვის ამ პროცედურების საწარმოებლად, შეიძლება მიმართოს. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, რომლის ნაწილიც არის პროკურატურა, არის დამოუკიდებელი, მათ აქვთ საპროცესო კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული. ჩვენ თუ რაიმე პროცედურული საკითხი გვაქვს, კანონებით ვსაუბრობთ ამაზე, საპროცედურო კანონმდებლობის შესწორებებით. დანარჩენი უკვე დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების საკითხია. მე ამ საკითხების საქმის კურსში არ ვარ და არც შეიძლება ვიყო ინფორმირებული ასე დეტალურად, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პროკურატურის ნდობა. ვნახოთ, გამოიძიებენ საბოლოო ჯამშ და იტყვიან რა მოხდა", — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს
ცნობილია, რომ ეს რეკომენდაცია დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიებას მოჰყვა..