წითლიძის თქმით, აგვისტოს ომზე განხილვების დროს "ოცნება" მხარს რუსეთს უჭერდა - ენმ ევროპის საბჭოდან ოქმის გამოთხოვას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" ევროპის საბჭოდან აგვისტოს ომზე განხილვების ოქმის გამოთხოვას ითხოვს - როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ანი წითლიძემ განაცხადა, მაშინ "ოცნება", რომელიც ოპოზიციას წარმოადგენდა, ევროპის საბჭოზე რუსეთის პოზიციას უჭერდა მხარს.
"ოქმში, რომლის გამოთხოვასაც ვითხოვთ, ჩანს, როგორც იბრძვიან ქართული დელეგაციის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" და ჩვენი ქვეყნის ევროპელი მეგობრები, რომ გააქარწყლონ რუსეთის პოზიცია და "ქართული ოცნების" დელეგაციის, რომლებიც მაშინ იყვნენ ევროსაბჭოში და სწორედ ისინი უჭერდნენ მხარს რუსეთის პოზიციას" - განაცხადა ანი წითლიძემ.
წითლიძე შეეხო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 1633-ე რეზოლუციასაც, რომლის მხარდაჭერასაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ედავება.
- მან ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის იმ ნაწილებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს.
ოპოზიციონერმა პოლიტკოსმა დასვა კითხვა, თუკი ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერადა მისი დამტკიცება იყო რუსეთისთვის სასარგებლო ქმედება და ანტისახელმწიფოებრივი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მაშინ რატომ არ აქვს ამ რეზოლუციას რუსეთის მხარდაჭერა.
2008 წელს საქართველოს ხელისუფლება მოქმედებდა კონსტიტუციური ვალდებულებების ფარგლებში, დაეცვა საკუთარი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიისგან. ეს იყო თავდაცვითი ომი და არა ომის დაწყება. საერთაშორისო მართლმსაჯულებამ მკაფიოდ თქვა, 2008 წელს აგრესორი და ეთნიკური წმენდის განმახორციელებელი იყო რუსეთის ფედერაცია, ხოლო საქართველო იყო მსხვერპლი. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ანტიკონსტიტუციურ ქმედებად ვერ შეფასდება და ამ საკონსტიტუციო სარჩელში 2008 წლის ომის ამ ფორმით შემოტანა აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ვერანაირად ვერ გახდება შიდასახელმწფიოებრივი პოლიტიკური რეპრესიების საფუძველი.
ახლა როგორ მოხვდა ის ჩანაწერი რეზოლუციაში, რომელსაც "ოცნება" გვედავება. ვთხოვთ მოსარჩელე მხარეს, გამოითხოვეთ ევროპის საბჭოს ოქმი, სადაც მთლიანად არის მოცემული ეს განხილვები და პოზიციები, სადაც ძალიან ნათლად ჩანს, რა პოზიცია ჰქონდა მაშინდელ ოპოზიციას, "ქართულ ოცნებას". რეზოლუციაში ამ მეხუთე პუნქტის ირგვლივ გამართულ ბრძოლას ინახავს ეს დოკუმენტი - ოქმი, რომელიც მე ახლა ვახსენე და იქ ჩანს, როგორც იბრძვიან ქართული დელეგაციის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან" და ჩვენი ქვეყნის ევროპელი მეგობრები, რომ გააქარწყლონ რუსეთის პოზიცია და რუსეთის პოზიციასთან ერთად აბა ვისი პოზიცია? - "ქართული ოცნების" დელეგაციის, რომლებიც მაშინ იყვნენ ევროსაბჭოში და სწორედ ისინი უჭერდნენ მხარს რუსეთის პოზიციას. აი ამ რეზოლუციის განხილვის პროცესს ვგულისხმობ.
გორდულაძემ აქ თქვა, მხარი არ დაუჭირესო - ლოგიკური კითხვა ისმის, თუ ეს რეზოლუცია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინ რუსებმა მხარი რატომ არ დაუჭირეს? მე მეტიც შემიძლია გითხრათ, როდესაც ამ დოკუმენტაციას გამოითხოვთ, რომელიც მე კი არ უნდა გამოვითხოვო, ვინც მე ბრალს მდებს, მას უნდა გამოეთხოვა და მოეტანა აქამდე. ზუსტად მანდ წერია, რომ რუსეთმა პროტესტის ნიშნად ამ რეზოლუციის მირებსი დროს დარბაზი დატოვა. ამიტომ, რასაც მე ახლა ვსაუბრობ, არის სამართლებრივი არგუმენტაცია და არ აის პოლიტიკური მანიპულაცია, რომელსაც ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით 14 წელია იყენებს "ოცნება", - განაცხადა ანი წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მეხუთე დღეა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.
პროცესი ახსნა-განმარტებების ეტაპზეა გადასული.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.