ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, მათ სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ

28.10.26 12:08
 ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა, მათ სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ

ფოსტის გენერალურ დირექტორს 9 მრჩეველი ჰყავდა - ინფორმაცია ცნობილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, სახელმწიფო საწარმოების შრომის ანაზღაურების სისტემის აუდიტის ანგარიშიდან გახდა. 

გაირკვა ისიც, რომ  ლევან ჩიკვაიძის მრჩევლებად დანიშნულ პირებს სამუშაო აღწერილობები არ ჰქონდათ. 

  • აუდიტის პერიოდი მოიცავს 2023-2024 წლებს, როდესაც ფოსტას მისი წინა დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე მართავდა. ეს უკანასკნელი თანამდებობიდან გასულ წელს გადადგა. 

ირკვევა, რომ ფოსტის გენერალურ დირექტორს მრჩეველების ნაწილი წლის მნიშვნელოვან მონაკვეთს საზღვარგარეთ ატარებდა. შესრულებული სამუშაოს შესახებ მტკიცებულებები კი სამ მრჩეველთა მიმართებით აუდიტის გუნდმა საერთოდ ვერ მოიპოვა.

"ფოსტაში კომპანიის გენერალური დირექტორის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული 9 თანამშრომლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დეტალური აღწერილობები არ იყო შედგენილი. სამ მრჩეველთან დაკავშირებით, რომლებზეც 2023-2024 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 273,738 ლარი, ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობაში ჩართულობასა და შესრულებულ სამუშაოებზე. ორი მრჩეველი 2023-2024 წლებში, სხვადასხვა პერიოდში 107 დღით იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი მივლინების, შვებულებით სარგებლობის და სხვა შესაფერისი დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული პერიოდი მათ ჩაეთვალათ ნამუშევრად. მიღებული განმარტებით, მრჩევლის პოზიციებზე დასაქმებული პირები არაპერმანენტულ რეჟიმში უწევდნენ დაწესებულების ხელმძღვანელობას კონსულტაციებს შესაბამისი სფეროში. ასეთ კონსულტაციებს შესაძლოა ჰქონოდა დისტანციური ხასიათი, რაც არ მოითხოვდა მრჩევლის მიერ სამუშაო ადგილას გამოცხადებისა და სტანდარტული რეჟიმით მუშაობის საჭიროებას, თუმცა აღნიშნული არ იყო დარეგულირებული შრომითი ხელშეკრულებებით,"- ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნით დადგინდა ისიც, რომ რომ ფოსტის ცენტრალურ ოფისში თანამშრომელთა შესვლის და გასვლის სისტემა მოქმედებდა, რომელმაც ერთ კონკრეტულ თანამშრომელზე 2 წლის განმავლობაში ოფისში გამოცხადება მხოლოდ 5-ჯერ დაადასტურა, სხვა ყველა დღეზე კი მითითებული იყო "არ გამოცხადება".

აღნიშნულ თანამშრომელს ფოსტამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 159,145 ლარის ხელფასი გადაუხადა.

ამასთან, როგორც აუდიტის ანგარიშში არის მითითებული, თუკი ფოსტის რიგითი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათები აღიწერებოდა, მსგავსი პრაქტიკა არ იყო დანერგილი გენერალური დირექტორის; მისი მრჩევლების და დეპარტამენტების უფროსებისთვის. 

აუდიტის დასკვნა თავდაპირველად BM.GE-მ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები