რიყის დოქების ბედი - რა თქვა კალაძემ და რა წერია დოკუმენტში?

28.10.26 14:06
რიყის დოქების ბედი - რა თქვა კალაძემ და რა წერია დოკუმენტში?

 

 

მოეხსნება თუ არა რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და გაიცემა თუ არა მასშტაბური მშენებლობის ნებართვა? - თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიაში კონკრეტული პროექტი არ შესულა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია "სიცრუეა". 

კახა კალაძის თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც მუნიციპალიტეტი შესაბამის პროექტსა და ვიზუალურ მასალას მიიღებს.

არაფერი არ შემოსულა, ეს გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სიყალბე. როდესაც იქნება შემოსული კონკრეტული პროექტი, როდესაც იქნება შემოსული ვიზუალი, ეს დამალული არაფერი არ იქნება, ყველაფერი იქნება ცხადი, ნათელი.

რა თქმა უნდა, გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც მისაღები იქნებ ქალაქისთვის, ჩაჯდება იმ ურბანულ განვითარებაში, გავცემთ სამშენებლო ნებართვას, მანამდე დაველოდებით, - ამბობს კალაძე.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება უკვე მიმდინარეობს.

  • განცხადების ადრესატი თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოა, რომელიც უშუალოდ მერიის დაქვემდებარებაში მოქმედებს და დედაქალაქის ურბანული განვითარების საკითხებზეა პასუხისმგებელი.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ კი დაწერა, რომ "თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შემოსულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება".

 სააგენტომ ოფიციალური გამრარტება Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა. 

ცნობისთვის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

აბესაძის განცხადებით, ინვესტორი შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67 761 კვადრატული მეტრი ფართობის შენობის მშენებლობას, რაც, მისივე განმარტებით, დაახლოებით 10-სართულიან შენობას გულისხმობს.

აბესაძე მიიჩნევს, რომ მერიამ ინვესტორის წინადადების რეალური საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს, პროცესში კი სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩართოს.

მსგავსი სიახლეები