სამორინეების კანონი, რომელსაც ომბუდსმენი და სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ, პარლამენტმა საბოლოდ დაამტკიცა

28.10.26 16:18
სამორინეების კანონი, რომელსაც ომბუდსმენი და სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ, პარლამენტმა საბოლოდ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზების უფლება ენიჭებათ. კანონის ამოქმედებისთვის მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება, თუ დაკმაყოფილდება ორი მთავარი პირობა:

  • მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება (თავდაპირველი პროექტით განსაზღვრული 70%-იანი ზღვარი გაიზარდა);

  • საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

მმართველი გუნდის განმარტებით, ტურნირები წინასწარ შედგენილი სიითა და მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტით ჩატარდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ეს პროცესი ფაქტობრივად სპორტული ტურნირის ანალოგიურია.

კანონპროექტით ასევე დაწესდა მკაცრი ფინანსური სანქციები:

  • სანებართვო პირობების დარღვევისთვის ორგანიზატორი 50 000 ლარით დაჯარიმდება;

  • არაუფლებამოსილი პირის მიერ ტურნირის მოწყობა 150 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ინიციატივას ოპოზიციური პარტია „ლელო“ და სახალხო დამცველის აპარატი ეწინააღმდეგებიან. საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს საპატრიარქოსაც. ოპონენტების ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ 10 000-მონაწილიან მასშტაბურ ტურნირებზე 20%-იანი კვოტა თამაშში საქართველოს დაახლოებით 2 000 მოქალაქის ჩართვას დაუშვებს, თუმცა კანონმდებლების განმარტებით, 25 წლიანი ასაკობრივი ზღვარი და რეკლამის აკრძალვის რეგულაციები უცვლელად შენარჩუნდება.

აზარტული თამაშების სექტორში რეგულაციები 2022 წლიდან გამკაცრდა - აიკრძალა რეკლამა, საჯარო მოხელეებისა და სოციალურად დაუცველების თამაში, გაიზარდა ასაკობრივი ზღვარი და საგადასახადო ტვირთი. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებმა სექტორის ზრდის ტემპი შეანელა, ოფიციალური სტატისტიკით, ბაზრის ბრუნვა მაინც გაიზარდა და 48 მილიარდიდან 89 მილიარდ ლარს მიაღწია.