მოსკოვში ფარცხალაძის მონაწილეობით დაფუძნდა ორგანიზაცია "რუსების და ქართველების ერთობა"
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, სამი ქვეყნის მიერ, რუსეთის ჯაშიშობისთვის დასანქცირებული იოთარ რომანოვ-ფარცხალაძე კამერების წინ გამოჩნდა.
როგორც გარკვა, ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის მონაწილეობით მოსკოვში დაფუძნდა ორგანიზაცია "რუსების და ქართველების ერთობა".
რუსული მედიის ცნობით, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს.
დოკუმენტით ვლადიმერ პუტინსა და საქართველოს მთავრობას მიმართავენ ინიციატივებით, რომელთა შორისაა:
-
რუსულ-ქართული (სლავური) უნივერსიტეტის დაფუძნება;
-
რუსული ენის პოპულარიზაცია ორივე ქვეყანაში;
-
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურებისა და მომლოცველობის შესაძლებლობის აღდგენა.
ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ თავმჯდომარემ და პარტია „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ საერთაშორისო მდივანმა, მამუკა ფიფიამ მთავარ მიზნად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დაასახელა:
„მთავარი ამოცანაა რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეწყობა - განზრახვებიდან პრაქტიკულ მოქმედებებზე გადასვლა,“ - განაცხადა მამუკა ფიფიამ.
მიღებულ რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დიალოგსა და მოქალაქეებს შორის კონტაქტების შენარჩუნებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, შექმნა „საერთაშორისო მოხალისეთა რაზმი“ „გეორგიევსკი“, რომლის მიზანიც ფარცხალაძის თქმით, უკრაინასთან ომში რუსეთის დახმარებაა.