რას ამბობენ “ოცნებაში“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

29.10.26 15:31
რას ამბობენ “ოცნებაში“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

“ოცნებაში“ ამბობენ, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წუხან, თუმცა, ვერ ხვდებიან, რატომ არ მოითხოვა მან თავის დროზე საპროცესო შეთანხმება და ასევე, რატომ არ გადაიხადა 5 ათას ლარიანი გირაო, რომელიც შეუფარდეს.

გია ვოლსკი მართალია ამბობს, რომ ხოშტარიას ჯანრმთელობის მდგომარეობაზე დარდობს, თუმცა, იქვე პარალელს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ავლებს და აცხადებს, რომ ისიც იჯდა ეტლში, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტყუილად.

ხოშტარია იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, ჩემთვის ხოშტარიაც თემაა, რადგან პატარაობიდან ვიცნობ, მტკივა ეს ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არც არაფერი არ სჭირს,- აცხადებს ვოლსკი და დასძენს, რომ არ უნდა ამ პარალელის გავლება, რადგან დარწუნებულია, რომ “ელენე არ თაღლითობს“.

ვოლსკის მტკიცებით, ხოშტარიას პატიმრობა მხოლოდ კალაძის ბანერზე ფლომასტერით მიწერილი წარწერა არ არის და მას არაერთი სხვა დანაშაულიც აქვს ჩადენილი. 

მე არ მინდა პარალელი გავავლო, დარწმუნებული ვარ, რომ არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო, ეს ერთი. რაც მთავარია, მინდა მის ჯანმრთელობას მიხედოს. საპროცესო შეთანხმება, რა საკვირველია ელენე ხოშტარიასაც შეეძლო გაეფორმებინა, მაგრამ ეს არ არის ბანერზე ხელმოწერის თემა, ეს უამრავ სხვა თემას უკავშირდება. უკავშირდება იმ დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას, რომელიც შეიძლება ერთი ნაბიჯით ასე გამოიხატა, მაგრამ იქით გადავხედოთ რა ჰქონდათ. დიახაც, პიროტექნიკა მე მქონდა და მე ვისროდი, დიახაც, მე წავახალისე, დიახაც, მე მინდა, რომ სისხლი დაიღვაროს. კონკრეტულად ბანერის დაზიანება იცის, რომ დანაშაულია და სპეციალურად გააკეთა, რომ დანაშაული ჩაედინა, - ამბობს ვოლსკი.

გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ დეტალები ხოშტარიას ჯანმრთელობაზე არ მოუკითხვას, თუმცა, არავის უსურვებს, რომ ჯანმრთელობა დაუზიანდეს. 

ხოშტარია კი არა, ბევრად უფრო მძიმე დანაშულის ჩადენისთვის პირებმა ითანამშრომლეს  სახელმწიფოსთან და აღიარეს, მოინანიეს დანაშაული, მათთან საპროცესო შეთანხმებები ფორმდება და ისინი დატოვებენ დაწესებულებებს, ბევრმა დატოვა, ბევრი დატოვებს. ქალბატონ ელენესაც თავისი დანაშაული რომ ეღიარებინა, ის დღეს საპატიმროში არ იქნებოდა. გადაეხადა თავის დროზე 5 ათას ლარიანი გირაო და არ იქნებოდა პატიმრობაში, - ამბობს კახიანი.  

დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ  “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ეტლს იყენებს.

მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს

მსგავსი სიახლეები