სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, პროგრესის მოლოდინი არ მაქვს - სამადაშვილი დავით-გარეჯზე
“ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი დავით-გარეჯთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ესხმაურება და ამბობს, რომ ვიდრე ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, პროგრესის მოლოდინი არ აქვს.
მისი თქმით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხი ძალიან რთულია და „პროცესი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, მოითხოვს საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად“.
„ეს არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, მოითხოვს საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. ის სამარცხვინო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც დავით-გარეჯის თემაზე აწარმოვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 2020 წელს - შევახსენებ საზოგადოებას, რომ მათ სრულიად უდანაშაულო, პატიოსანი მეცნიერები დაიჭირეს კიდეც, ამ საქმესთან დაკავშირებით. აი, ამ სამარცხვინო პიარ-კამპანიამ, რა თქმა უნდა, ხელი არ შეუწყო იმას, რომ ეს საკითხი კონსტრუქციულად წასულიყო წინ. პირიქით, დამატებითი დაბრკოლებები შექმნა ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან მეზობელთან საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესში, - აღნიშნა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმებას მიაღწია.
„შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან - მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“,-აღნიშნა პრემიერმა.