ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურა

02.11.26 16:44
ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურა

საქართველოს ყოფილ-პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროცესი დახურა.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში ბრალდების მხარემ, პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ საქმე თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, სხდომაზე კი, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დაიკითხებიან, სადაც შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებები გაჟღერდეს. 

აღნიშნულ შუამდგომლობას კატეგორიულად არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განმარტა, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეც თავდაცვის სამინისტროს და საიდუმლო შესყიდვებს ეხებოდა, თუმცა ის არავის დაუხურავს.

სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

“რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები. მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ  ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.