კობახიძეს ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა - ექსპერტები "ოცნების" ლიდერის ბრიუსელში ვიზიტს აფასებენ
ირაკლი კობახიძის ვიზიტი ბრიუსელში მცდელობაა, შექმნას ევროპასთან ურთიერთობის აღდგენის ილუზია - ასე აფასებენ ექსპერტები „ქართული ოცნების“ ლიდერის მონაწილეობას „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. მათი განცხადებით, კობახიძეს ბრიუსელში მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, მაშინ როდესაც ევროკომისია ხვალ საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს. ექსპერტების შეფასებით, ვიზიტის მთავარი მიზანი შიდა აუდიტორიის დარწმუნებაა, თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ ევროპული პოლიტიკური დიალოგი კვლავ გრძელდება.
ამ შეხვედრის ფარგლებში მას მოუწევს ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა. მას ყველა კითხვას დაუსვამენ პირდაპირ, მას მოუწევს იმის ახსნა თუ როგორ შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა იყოს დაკავებული ოპოზიციის აკრძალვით, იყოს დაკავებული უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებით და სიტყვის თავისუფლების აკრძალვით. როგორ შეიძლება, კანდიდატი ქვეყანა იყოს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ამ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა მადგომარეობაა სამართლებრივი სახელმწიფოს გაუქმების თვალსაზრისით, მას მოუწევს ამ ყველაფერზე ძალიან ღია პასუხების გაცემა. ხოლო ის, თუ რატომ მიდიან ისინი ამ შეხვედრებზე, ძალიან მარტივი ასახსნელია: მათ უნდათ, კიდევ ერთხელ, საკუთარი ამომრჩევლების ნაწილს შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს მათ კიდევ ეპატიჟება ბრიუსელი, თითქოს მათი პოზიცია, რაღაც ფორმით, შესაძლებელია, იყოს საუბრის მიზეზი ან მათთან ევროპამ რაღაც ფორმით აღადგინოს ევროპამ კავშირი, რაც არის ძალიან დიდი ტყული, - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.
ამავე აზრს იზიარებს თეონა აქუბარდიაც. მისი თქმით, კობახიძის ვიზიტის მიზანი არა საქართველოს ევროინტეგრაცია, არამედ საკუთარი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა და ევროპელ პარტნიორებთან შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგის ფონზე კომუნიკაციის ახალი არხების მოძიებაა.
მისი ამოცანა, ამ შემთხვევაში, როდესაც გაფართოების უმწვავესი ანგარიში გამოქვეყნდება ხვალ საქართველოზე, არის არა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება, მათ შორის უსაფრთხოების განმტკიცება საქართველოსი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, არა ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფა, არამედ კვლავ საკუთარი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა ევროკავშირში სვლასთან დაკავშირებით და მათ შორის, მცდელობა იმისა, რომ მიუხედავად შეწყვეტილი უმაღლეს დონეზე პოლიტიკური დიალოგისა, მასთან გარკვეული კომუნიკაცია არსებობდეს შუა დერეფანთან დაკავშირებით, გაყიდოს ის გეოგრაფია, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც ვერ გაყიდა 2 წლის მანძილზე. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ევროპული სვლა დასრულებულია, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს, 3 ნოემბერს, ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა კობახიძე მიწვეული არ არის უშუალოდ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ გაფართოების ფორუმზე, რომელიც ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.
ამასთან, ხვალ, 4 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიც შეფასდება.