ციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"

04.11.26 11:10
ციხის დატოვების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ "არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს"

 

 

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული ზოდელავა ამბობს, რომ "საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს". 

"პოლიტიკური გეგმები არ მაქვს" - განაცხადა მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ.

არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ამას ბევრი მიზეზი აქვს -  ციხეში 50 წელი შემისრულდა, ბავშვიც არ ვარ, რაღაც გადაფასებები ხდება და ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ეს საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება, რადგან ეს საპროცესო შეთანხმება პირობადებული არ იყო, უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა რაიმე პირობებს.

მე ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არასდროს არ შევხვედრილვარ და არ მისაუბრია ოპონენტთან ჩრდილში კულუარებს მიღმა, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა საჯარო იყო”, - განაცხადა ზოდელავამ.

"პირველების" კითხვაზე, იხილავს თუ არა მას საზოგადოება პროტესტის ეპიცენტრში კვლავ, მურთაზ ზედელავამ აღნიშნა, რომ "ის ერის ბუნებრივი ნაწილია": 

მე საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, აქ ვრჩები ჩემს ქვეყანაში და ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი ვარ, შესაბამისად აქ ვრჩები, საქართველოში, უბრალოდ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე უკვე ვთქვი, რომ ვიყავი ორგანიზატორი, როდესაც საპროცესო გაფორმდა"- განმარტა ყოფილმა პატიმარმა. 

რაც შეეხება 4 ოქტომბრის მოვლენებს, როგორც ზოდელავამ განაცხადა, ამ თემაზე ციხის კარებთან დეტალურად ვერ ისაუბრებს:

ზოგადად, ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ. ზოგიერთი თემა ხელოვნურადაა. ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო, ამიტომ ზოგიერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება იმას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, ის რაც ყველამ ნახა. ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთ შეკითხვას საერთოდ ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ უამრავი შეთქმულების თეორია დახვავდა ერთიმეორეზე, გარემოებების გათვალისწინებით, ზოგიერთი ობიექტური, ზოგიერთი სუბიექტური, ამიტომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს განმარტებების გაკეთება. ახლა ამ მომენტში ყველა შეკითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებ“,- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მისი თქმით, ერთი წლის წინ მომხდარზე საკუთარ პასუხისმგებლობას არ გაურბის:

"არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ"- უთხრა მან მედიას. 

თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ. მიმაჩნია, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ [4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს] ყოველთვის ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა. ეს იყო ძირითადად, სასამართლო დარბაზში და მიხარია, რომ უმრავლესობა მათგანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა" - დასძინა მან.

საპატიმრო დატოვა  „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ კიდევ ერთმა წევრმა, ლაშა ბერიძემაც. 

საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.

მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.

ფოტო: პუბლიკა