[ღობე] იყო ხაფანგი - პირველი ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან გათავისუფლების შემდეგ

04.11.26 13:03
[ღობე] იყო ხაფანგი - პირველი ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან გათავისუფლების შემდეგ

ათონელის რეზიდენციის ღობე იყო ხაფანგი - ამას ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ლაშა ბერიძე "პირველებისთვის"  მიცემულ პირველ ინტერვიუში. 

პოლკოვნიკის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე "მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი". 

პატიმრიბიდან გათავისუფლებული ბერიძე ამ დღესთან დაკავშირბით ვრცლად საუბარს აპირებს. ამბობს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს ის ღია ეთერში უპასუხებს:

იმავე აზრზე ვრჩები, [რომ 4 ოქტომბერს ხალხს მახე დაუგეს]. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ჯგუფში ვინმე მოღალატე იყო, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ და არც დავაბრალებ. გამორიცხვა და დაბრალება იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც რაღაც ინფორმაცია გაქვს. მე იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას ვაორგანიზებდი, სრული რწმენა მაქვს. ეროვნულ კრებას ხაზს გავუსვამ და არავითარ შემთხვევაში სხვა რამეს. ყველას სრული რწმენა მაქვს და ყველას სრულად, ბოლომდე მხარს ვუჭერ, მათთან ერთად ყველანაირ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. ათონელზე რომ მივდიოდით, არაფერს ველოდით, უბრალოდ მივდიოდით, რომ პრეზიდენტის სასახლესთან პროტესტი გაგვეგრძელებინა. 

ეს ღობე იყო ხაფანგი. ტრიბუნებიდან გაცხადების შემდეგ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მივდიოდით, იქიდან ერთ წუთში უკვე ღობე გადაქცეული იყო. მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის, ეროვნული კრების, სადაც მოსახლეობამ დისკრედიტაცია და მისი ძალადობად წარმოენა მომხდარიყო" - უთხრა "პირველებს" ბერიძემ. 

პოლკოვნიკის თქმით, 4 ოქტომბრის „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“  "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

ლაშა ბერიძემ "პირველებთან" იმ მიზეზებზეც საუბრობს, როს გამოც საპროცესო შეთანხმების დადებას დათანხმდა.

მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" შეთავაზება ყველა მსჯავრდებულმა უნდა გამოიყენოს, რადგან ისინი გარეთ უფრო პროდუქტიულები იქნებიან ვიდრე ციხეში. 

ყველას თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება აქვს მისაღები. პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, ვინც გადაწყვიტა, რომ არანაირი ფორმით არ ითანამშრომლოს. მე პირადად მიმაჩნია, რომ დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია გავთავისუფლდეთ. მე არ დავიწყებ თვალთმაქცობას, არ მინდოდა ციხეში ჯდომა და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. მე ამას ვხედავ, როგორც შესაძლებლობას. რეჟიმმა გააღო კარები და თქვა, რომ აი, ასე თუ იქნება, გამოხვალთ, თუ არადა 7 წელი უნდა იჯდე. 7 წელი თუ “ქართული ოცნება” უნდა იყოს ხელისუფლებაში, ისევ ციხეში ჯდომა მირჩევნია. არანაირად არ მესმის მორალური დანამუსება. რატომ არ უნდა გამოვიდე გარეთ და არ უნდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით?!  არიან ადამიანები, რომლებმაც სასამართლოს მეთოდებით ბრძოლა გადაწყვიტეს, მაგრამ მე სწორად მიმაჩნია, რომ რადგან შესაძლებლობა მომეცა, ის გამოვიყენო და გამოვედი. ამის გამო, რაღაც მორალურ სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ და არც არავის არ დავანამუსებ"- განმარტა ბერიძემ.  

პოლკოვნიკი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროტესტში რჩება და ბრძოლას გააგრძელებს: 

ერთი რამ, რაც ჩამოყალიბებულად ვიცი, ის არის, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ და არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ დავნებდეთ. როგორ, რა ფორმით, ვისთან ერთად ვიდგებით და რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ამას დრო, გარკვევა და უკეთესი გზების მოძებნა სჭირდება. მაგრამ, რომ არ გავაგრძელოთ, მაშინ საერთოდ რამეს რატომ ვაკეთებთ. ვაპირებ, რომ ძალიან აქტიური ვიყო. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ როგორც ერთი ადამიანი, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვაპირებ ვიყო ძალიან აქტიური და მოვითხოვო, რომ ჩვენ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, ჩვენ ეს ნამდვილად გვეკუთვნის. ასევე, აუცილებელია მხარი დავუჭიროთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას"- აღნიშნა მან.

 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დღეს, 4 ნოემბერს, საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ. ზოდელავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში იყო მოთავსებული, გლდანის ციხე დაროვა ლაშა ბერიძემ.

ამავე საქმეზე მსჯავრდადებული ირაკლი ჩხვირკია ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს, გური ჟვანია კი - 16 ნოემბერს.

28 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ოთხივე მათგანთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.