პოლონელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ „კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ და სანქციების დაწესებას ითხოვს
"როდის დაუწესებს ევროკავშირი სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს და რა უშლის ხელს ამ გადაწყვეტილების მიღებას?" - ეს კითხვა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, კშიშტოფ ბრეიზამ მარტა კოსს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დაუსვა.
„ჩვენ ვიცით მათი სახელები: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მრავალი სხვა, მათ შორის მოსამართლეები, რომლებმაც ადამიანები პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გაგზავნეს ციხეში“, - განაცხადა მან.
ბრეიზამ ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ევროპაში ვიზიტებზეც და მაგალითად ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ჩასვლა მოიყვანა.
ევროპარლამენტარის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ და ევროპაში ხანმოკლე ჩასვლასაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ".
„გუშინ კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. შემდეგ ისინი ამ ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ. ევროპაში ხანმოკლე ვიზიტსაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. ამით საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ჩვენს რეზოლუციებს, საქმიანობასა და კრიტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დააწესებს თუ არა ევროკავშირი ამ პირებისთვის შესვლის ინდივიდუალურ აკრძალვებს?“ - იკითხა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარების კითხვებს მარტა კოსმა უპასუხა, რომ ევროკომისიას სანქციების დაწესების უფლებამოსილება არ აქვს და გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.
„გეთანხმებით, რომ ამ მიმართულებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ, თუმცა ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა თქვენ მიერ დასახელებული და მრავალი სხვა პირისთვის სანქციების დასაწესებლად“, - განაცხადა კოსმა.