ღარიბაშვილის ოჯახი: ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელშიღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი წერს.
როგორც თამაზაშვილი ამბობს, ყოფილ პრემიერისთვის პაემნების არდაშვება „დამატებითი“ დასჯის სახით" ხდება.
ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას...
არც სამართლებრივ „აბლაბუდას“.
შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს - როგორც პოლიტიკოსი.
ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში…
ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია.
ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს…
მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა - სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები !", - წერს ლექსო თამაზაშვილი.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა, 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.
საქართველოს პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებაში "პირველებს" უთხრეს, რომ ექს-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
- ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.
2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:
- „მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.