ადვოკატი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ოჯახთან დაშვებული პაემანი გამოქვეყნებული წერილების გამო გაუუქმეს

07.11.26 11:28
ადვოკატი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ოჯახთან დაშვებული პაემანი გამოქვეყნებული წერილების გამო გაუუქმეს

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მყოფ ექს-პრემიერს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ, "პირველები" ღარიბაშვილის ადვოკატს დაუკავშირდა.

ლილი გელაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს რუსთავის ციხეში ადმინისტრაციისგან უკვე დაშვებული პაემანი გაუუქმეს.

უფლებადამცველი ამ ყველაფერს ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებს უკავშირებს. 

ადვოკატი გაუქმებული პაემნის დაშვებას ითხოვს, ამბობს, რომ ამის გამო ღარიბაშვილის მცირეწლოვანი შვილები განსაკუთრებულ სტრესში არიან. 

ლილი გელაშვილი "პირველებს" ასევე ეუბნება, რომ ახლა ციხეში ირაკლი ღარიბაშვილზე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური წნეხი და ზეწოლა მიმდინარეობს.  

ვითხოვთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისგან, რომ ისევ კანონის ფარგლებში, კანონი უშვებს ამას და უშვებს ბევრი პატიმრის მიმართ, ვიცი, რომ ძალიან ბევრი პატიმარი სარგებლობს ამ უფლებით, მითუმეტეს იმ დაწესებულებაში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი იხდის სასჯელს. ის რაც გაუუქმეს სწორედ, ადმინისტრაციის მიერ დაშვებული პაემანი იყო.  უკვე შეხვედრა დანიშნული იყო და იმიტომ, რომ წერილი გამოაქვეყნა, ჩვენ ამასთან ვაკავშირებთ, რადგან დაშვებული პაემნის გაუქმება სხვას რას უნდა მოჰყოლოდა, თუ არა მის აქტიურობას. დღემდე არ დაუშვიათ და ბავშვები ძალიან ნერვიულობენ, მე ვნახე ბავშვები და პატარები არიან განსაკუთრებით სტრესში.

განსაკუთრებული წნეხი მიმდინარეობს მის მიმართ და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ეს რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ანადგურებს ადამიანს. კი ჩვენ ვაკავშირებთ წერილებთან, რა თქმა უნდა (ამ პაემნის გაუქმებას)", - ამბობს ლილი გელაშვილი.  

  • ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელშიღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი წერს. 
  • როგორც თამაზაშვილი ამბობს, ყოფილ პრემიერისთვის პაემნების არდაშვება „დამატებითი“ დასჯის სახით" ხდება. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს.

საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში ირწმუნებიან, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული. რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნითაც ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია. ამიტომ დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე  განმარტების გაკეთება რამდენიმე თვის წინაც მოუწიათ, როდესაც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.