საია: ევროკავშირის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების ანგარიშს აფასებს.
საიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასა და დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს.
ირგანიზაციაში წერენ, რომ ევროკომისიის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის შექმნილ საფრთხეებს, საპოლიციო ძალადობის შემთხვევების არასათანადო გამოძიებას, თვითნებურ დაკავებებსა და არაპროპორციულ სასჯელებს.
დოკუმენტი ასევე მიუთითებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაუარესებაზე, ასევე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე,
საია ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რომლებიც, მათ შორის, თვითნებურად დაკავებული პირების გათავისუფლებას, ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონების გაუქმებას, სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის შემთხვევების ეფექტიან გამოძიებასა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას შეეხება.
ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაციები და შეწყვიტოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელყოფის ქმედებები.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებისა და კონსტიტუციის მეორე თავითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესასრულებლად, ევროპული კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს და უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელმყოფი ქმედებები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.