გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულება

10.11.26 15:45
გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულება

"კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან ითხოვს, სასამართლომ წინასწარ განსაზღვროს ვადები, თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ იყოს ცნობილი, როდის დაიწყება აღსრულება. გვარამია სხდომაზე ითხოვს, რომ აღსრულება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს.

გვარამიამ სხდომაზე დააზუსტა, რომ შუამდგომლობა არც სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინია და არც რაიმე გარემოების აღიარება.

სამართლებრივი შედეგის ვადის დადგომის თაობაზეა შუამგომლობა - საკმაოდ სპეციფიკიური შუამდგომლობაა და პრაქტიკა ამ მხრივ არ არსებობს და მივიჩნევთ, რომ კანონმდებლობაც საკმაოდ ხარვეზიანია, განმარტებები საჭიროა ჩემი აზრით და ამიტომ ვაყენებთ ამ შუამგომლობას. 

შუამდგომლობის საგანი არის პირობითი ხასიათის და ვითხოვთ, გადაწყვეტილების დროის მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილებაში იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული. 

მოპასუხე ითხოვს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სარჩელს მოპასუხის მიმართ დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილებამ თავადვე დაადგინოს აკრძალვისა და მისი ყველა თანამდევი შედეგის, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შედეგების, უპირველესად, მოპასუხის რეგისტრაციის გაუქმების დადგომის გვიანდელი ვადა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არანაკლებ ერთი თვისა და განსაზღვროს შედეგის დადგომის ერთიანი თარიღი. შედეგის დადგომის ვადა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს შეადგენს. მოპასუხე, ამასთან, ითხოვს, რომ სასამართლომ მხარეთა დასკვნით სიტყვებამდე დაადგინოს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასეთ ვადას დაადგენს. მოპასუხე ითხოვს, რომ შუამდგომლობა ამ ეტაპზე გადაწყდეს და არა საბოლოო გადაწყვეტილებამდე გადაიდოს, რათა მხარეებმა სასამართლოს პასუხი დასკვნით სიტყვებში ასახონ. მოპასუხის პოზიცია საქმის არსებით მხარეზე უცვლელია. სარჩელი მის მიმართ, ფაქტობრივად, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შუამდგომლობა არც სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინია და არც რაიმე გარემოების აღიარება. იგი იმ საკითხს ეხება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი სარჩელის დაკმაყოფილების ყველა შემთხვევაში თავად სასამართლოს უტოვებს, როდის დადგეს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი.

აკრძალვის საკითხის გადაწყვეტა და აკრძალვის დაუყოვნებლივ ამოქმედება ორი სხვადასხვა საკითხია და მეორე პირველის აუცილებელი და მყისიერი თანმდევი შედეგი ყოველთვის არ არის. შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა. გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შუამდგომლობა არ ეხება. მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, ანუ როდის გამოაცხადებთ გადაწყვეტილებას, ამაზე ჩვენ, ბუნებრივია, ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება, როდესაც არ უნდა გამოცხადდეს ეს გადაწყვეტილება. შუამდგომლობაზე პასუხი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება ან პოზიციის წინასწარ დაფიქსირება არ არის. თუ სასამართლო ვადის დადგენას დაადასტურებს, მაგრამ მის მინიმალურ ხანგრძლივობაზე ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, მოპასუხე ამასაც მიიჩნევს პასუხად და ხანგრძლივობის საკითხს დასკვნით სიტყვაში ხელახლა დააყენებს. ასევე, მოთხოვნის მინიმალური ვადის არა ნაკლებ ერთი თვის ნაწილში ვადის ხანგრძლივობის არ გაზიარება სასამართლოს მიერ, არ უნდა ჩაითვალოს შუამდგომლობის უარყოფის წინაპირობად და სასამართლოს მიერ უნდა განისაზღვროს მისი მიხედულობით სხვა გონივრული ვადა,“- განაცხადა გვარამიამ.

შუამდგომლობის მოტივაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ მოტივაციაა, რომ: „ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებას არ დაეკარგოს ეფექტი".

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს რეზოლუციის 39-ე მუხლის გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით გოცირიძემ თქვა, რომ შეიძლება სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკურ პარტიასთან, ინდივიდებთან თუ ორგანიზაციებთან მიმართებით გაერთიანების უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, იქვე არ მიუთითოს, რომ ამ პარტიის რეგისტრაცია უნდა აღდგეს, მაგრამ პროცედურულად, ეს შეუძლია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაადგინოს.

„ცოტა გაუგებარია სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლთან ამის მიბმა, იმიტომ, რომ ასეთი უფლება რომ გამოიყენო - 39-ე მუხლი, შიდა კანონმდებლობაში არ არსებობს, ეს არის კონვენციით დამტკიცებული. ამ ეტაპზე, სანამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, რეგლამენტის 39-ე მუხლს სტრასბურგის სასამართლო ვერ გამოიყენებს, რადგან ვერ უბრძანებს სასამართლოს, რომ ან ასე გააკეთე, ან ისე. საქმე უნდა დასრულდეს. თქვენ ბრძანეთ, მეოთხე ინსტანციის უფლება მოგვეცითო. კი, ასე ეძახიან, მაგრამ არასწორად ეძახიან და სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის ხაზგასმით ამბობს, რომ ევროპული სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო.

სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაერთიანების თავისუფლება დაირღვა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, ინდივიდებთან თუ ორგანიზაციებთან მიმართებით, შეიძლება იქვე არ მიუთითოს მან იმის შესახებ, რომ ამ პარტიის რეგისტრაცია უნდა აღდგეს, მაგრამ ხომ იცით როგორიც არის პროცედურა, ჩვეულებრივ გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და ის ადგენს, რა არის აუცილებელი მის აღსასრულებლად. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დაავალოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება აღსრულებული, სანამ ამ პარტიის რეგისტრაცია არ აღდგება. ასეთი პრაქტიკა ევროპის სასამართლოს აქვს და სხვა საქმეებიც არსებობს, სადაც პარტიების რეგისტრაცია აღდგენილა“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

 

მსგავსი სიახლეები