მოსამართლეს "ოცნებისგან" აინტერესებს პასუხი, სად არის ზღვარი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის?

10.11.26 19:21
მოსამართლეს "ოცნებისგან" აინტერესებს პასუხი, სად არის ზღვარი პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობებს შორის?

ოპოზიციის აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა პირველი კითხვა-პასუხის ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ დაუსვა.

„მაინტერესებს, რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს როლების გამიჯვნა - სად არის მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა და სად არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?“ - იკითხა მოსამართლემ. 

შეკითხვის საპასუხოდ, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ პარტიას შეიძლება შეერაცხოს მისი ლიდერებისა და წევრების ქმედებები, თუ ის მათ არ ემიჯნება.

ამის შემდეგ, მოსამართლემკიდევ ერთი კითხვა დაუსვა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, პარტიას კონკრეტული პირების დანაშაულები იმის გამო უნდა შეერაცხოს, რომ ის მათ არ გაემიჯნა, თუ იმის გამო, რომ მათი მმართველობის დროს სახელმწიფომ დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია და დამნაშავეები არ დასაჯა.

ამ შემთხვევაში სარჩელის ავტორებმა სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე გაამახვილეს ყურადღება. 

არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის რა თქმა უნდა არის მტკიცე ხაზი, -  თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილ როინიშვილის კითხვას საპასუხოდ. 

ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, თუ X პარტია საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%- დაახლოებით 227 საქმე, 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არსებობს, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ არის, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტული ადამიანები რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, [ყოფილი] პრეზიდენტის მიერ მათ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. და ის ადამიანები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მაგალითად ადამიანების წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც ამ ქმედებებს არ ემიჯნება და სისტემას ქმნის, რომელიც არის მწამებლური სისტემა, რა თქმა უნდა პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები.

ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და როდესაც დღესაც საუბრობენ რომ ასეთ ფაქტებს უბრალოდ ადგილი არ ჰქონია, არათუ ამბობენ, რომ კი იყო გადაცდომები, მაგრამ არა. როდესაც ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ამ უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და საუბრობენ, რომ თურმე პარალელური სამყარო არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან, ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი ეს არის კონკრეტული პარტია და პარტია, როდესაც დღესაც არ ემიჯნება, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

თავის მხრივ "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა 2004–2012 წლების პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი მმართველობის სისტემა ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო იყო, რეალურად კი - მკაცრად ცენტრალიზებული და სუპერსაპრეზიდენტო.

ჭეიშვილი მიიჩნევს, რომ ინდივიდების სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ სათანადო სამართლებრივი შეფასება მოხდეს.

„სახელმწიფოს მეთაური, ანუ პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მაშინ დასაშვები იყო საქართველოს კონსტიტუციით, თავად ახდენდა იმ პირების წახალისებას, თუნდაც სახელმწიფო შესაბამისი ჯილდოებით, ღირსების ორდენებით და სხვა ტიპის მსგავსი ჯილდოებით, რომლებიც რეალურად იყვნენ სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულები. რაც შემდგომ უკვე გამოვლინდა და გამოიკვეთა მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან. ისევ რომ წავიდეთ მმართველ პარტიაზე და შესაბამის პასუხისმგებლობის გამიჯვნაზე, ინდივიდუალური თუ როგორც იურიდიული პირის პასუხისმგებლობა, ხომ? ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ცალკე აღებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაყენება უკვე აღარ არის საკმარისი იმისათვის, რათა მოხდეს სათანადო შეფასების განხორციელება. არამედ აქ უკვე ჩვენ სწორედაც რომ მივდივართ 23-ე მუხლამდე და შესაბამის კრიტერიუმებამდე, რომელიც არის დადგენილი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. და ეს არის უკვე ორგანიზაციული, ერთიანი სისტემა, რომელიც დაწყებული სახელმწიფოს მეთაურიდან გაგრძელებული შესაბამისი სხვა დავუშვათ განშტოებებით ძირითადად აქ აღმასრულებელი ხელისუფლებაზეა რა თქმა უნდა ლაპარაკი, თავისთავად არის ჩართული ამ ერთიან საქმიანობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ ახლა საერთო ჯამში დავუშვათ იმისდა მიხედვით რომელი მმართველობის მოდელია, ბუნებრივია სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, ზღვრები ყოველთვის არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ლაპარაკია 2004-12 წლებზე, მხედველობაშია მისაღები თვითონ ის მმართველობითი მოდელი, რომელიც იყო მკაცრად ცენტრალიზებული, სუპერ საპრეზიდენტო. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალურად ჩემი შეფასება, დოქტრინაში განვითარებულია ეს მოსაზრება და რა თქმა უნდა საფუძვლიანია. და აქედან გამომდინარე სისტემურობა, სისტემატურობა ამ საქმიანობისა, რომელიც იმავდროულად მმართველ პარტიას უკავშირდებოდა, მის თავმჯდომარეს, შესაბამის პირებს, რომლებიც ამ სახელისუფლებო ვერტიკალში იმყოფებოდნენ, გვაძლევს იმ მოცემულობას, რომ ცალკე აღებული ინდივიდუალური სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის ადეკვატური შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის და შეფასებისთვის, რაც უკვე გათვალისწინებული არის საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომაც არსებობს ზოგადად თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციიდან გამომდინარე მათ შორის პარტიის აკრძალვის [მექანიზმი]“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები