5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

11.11.26 10:38
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 12:00 საათზე გაგრძელდება.

სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება. კითხვებს სასამართლო დღესაც მოსარჩელეებთან დასვამს.

ოპოზიცია ხუთი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორებას სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით ცდილობს.

ჩვენ ბათუმში ვუყურებთ კაფკასეულ პროცესს, რომელსაც არავითარი შინაარსი ამ რეალობაში არ გააჩნია. ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი არის დამფრთხალი ძალიან, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი არგუმენტი, არანაირი სამხილი, არანაირი მტკიცებულება, არც საღი აზრი, არც ისტორია ან ხალხი მათ მხარეს მათ არ ჰყავთ. ამიტომ ეს არის პროცესი, რომელშიც ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული ერთეული ცდილობს, რომ გაასამართლოს და აკრძალოს ისეთი ერთეულები, რომლებსაც, სინამდვილეში, გააჩნიათ საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაცია და მილიონი ქართველის ხმა. ამიტომაც ეს არის პროცესი, რომელიც მინიმუმ, პიარული პოლიტიკური თვალსაზრისით "ქართული ოცნებისთვის" განწირულია კრახისთვის, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია. 

„ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური პარტიები სამართლებრივ ჩიხში არიან მოქცეული და სასამართლო პროცესის გაჭიანურებას სხვადასხვა შუამდგომლობით ცდილობენ. 

კოლექტიური ნაცმოძრაობა, მის წიაღში შემავალი ე.წ. პარტიები, გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში, რაც, ზოგადად არახალია, არიან ამავდროულად, სამართლებრივად მოქცეულები ძალიან სერიოზულ და ღრმა ჩიხში. ისინი ახლა ცდილობენ იმას, რომ როგორღაც სხვადასხვა ხრიკებით ყურადღების გადატანა მოახდინონ მეორე და ზოგჯერ შეიძლება მეათე ხარისხოვან საკითხებზე, აყენებენ აბსურდულ შუამდგომლობებს, რითაც ცდილობენ, რომ პროცესი გააჭიანურონ. ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა რეპლიკებით, განცხადებებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფას აყენებენ მთელ რიგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს, - ამბობს "ოცნების" წევრი თორნიკე ჭეიშვილი.

სარჩელთან დაკავშირებული სხდომები მიმდინარე კვირაში 12 და 13 ნოემბერსაც არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.

მსგავსი სიახლეები